ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ყველა თაობას საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების ბრძოლისთვის თავისი გმირი ჰყავდა”- გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თავდაცვის ძალებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და აცხადებს, რომ 1918 წლის 26 მაისს პირველმა რესპუბლიკამ განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის შემდგომი ორიენტაცია.

ამის შესახებ პრემიერმა ვაზიანში, მე-4 მექანიზებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე განაცხადა, სადაც დღევანდელ დღესტან დაკავშირებით მთავარი ღონისძიება ტარდება.

პრემიერი დღევანდელ დღეს ულოცავს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, საზღვარგარეთ მცხოვრებ თითოეულ თანამოქალაქეს, აფხაზ და ოს ძმებს და აცხადებს, რომ ყველამ ერთად უნდა შევძლოთ არმატებული სახელმწიფოს შექმნა.

“უდიდესი პატივია ჰქონდეს საშუალება ჩვენს მოქალაქეებს, დღეს აქედან მივულოცოთ 26 მაისი. 102 წლის წინ ეროვნულმა საბჭომ მიიღო დამოუკიდებლობის აქტი და ამ ნაბიჯით გადადგა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის. საქართველოს ისტორიაში ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი დღე და მაშინ, სწორედ 26 მაისს პირველმა რესპუბლიკამ განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის შემდგომი ორიენტაცია. თითოეულ ქართველს, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, საზღვარგარეთ მცხოვრებ თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს, აფხაზ და ოს ძმებს მინდა მივულოცო 26 მაისი უდიდესი რწმენით, რომ ჩვენ ერთად შევძლებთ ჩვენი ქვეყნის მშენებლობას, წარმატებული სახელმწიფოს შექნას.

ბატონებო, 102 წლის წინ, როდესაც ეროვნულმა საბჭომ მიიღო დამოუკიდებლობის აქტი, მას შემდგომ ჩვენი ქვეყნის თაობები დამოუკიდებლობის განხორციელებისთვის იბრძოდნენ, შრომობდნენ, ზოგიერთმა მათგანმა ამ ბრძოლას სიცოცხლე შესწირა. ყველა თაობას საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების ბრძოლისთვის თავისი გმირი ჰყავდა. ჩვენ უდიდესი პატივი უნდა მივაგოთ ამ ადამიანებს და მათი სახელები ყოველთვის უნდა გვახსოვდეს,”- განაცხადა გახარიამ.

გახარია დღევანდელ დღეს განსაკუთრებულად ულოცავს თითოეულ ჯარისკაცს, რომელიც “დღეს სამშვიდობი მისიებში ასახელებს ქვეყანას, იცავს გლობალურ უსაფრთხოებას და ამით უდიდესი წვლილი შეაქვს თავისი სამშობლოს შემდგომ განვითარებასა და უსაფრთხოებაში.”

დღეს, 26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება.1918 წლის 26 მაისს ეროვნულმა საბჭომ დამოუკიდებლობის აქტი მიიღო, შედეგად საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა. რესპუბლიკის თავმჯდომარედ ნოე ჟორდანია აირჩიეს. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. ხოლო, საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, შეძლო.

იტვირთბა....