საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშლილი სამხედროებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და როგორც აღნიშნავს, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის გარანტი თავდაცვის ძალებია.
ამის შესახებ პრეზიდენტმა ვაზიანში, მე-4 მექანიზებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე განაცხადა, სადაც დღევანდელ დღესტან დაკავშირებით მთავარი ღონისძიება ტარდება.
მისივე თქმით, ომი არ დასრულებულა და ქვეყანა უხილავ მტერთან ბრძოლაში ყოფნას აგრძელებს.
“გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს. დღეს უჩვეულო 26 მაისია, საზოგადოებას არ ეძლევა საშუალება, თავდაცვის ძალებთან ერთად, სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაში. ეს გამოწვეულია იმ განსაკუთრებული კრიზისული მდგომარეობით, რომელშიც ჯერკიდევ ვიმყოფებით. ამ ვითარების მიუხედავად, ჩვენი აქ მოსვლით და თავდაცვის ძალებთან დგომით გამოვხატავთ ამ დღის მნიშვნელობას საქართველოსთვის.
ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის გარანტი ჩვენი თავდაცვის ძალებია და მათთან ერთად შეკრული და ძლიერი საზოგადოება. დღევანდელი ურთულესი კრიზისის დროს, ჩვენმა ქვეყანამ მსოფლიოს მისცა გამძლეობისა და წარმატების მაგალითი. ეს უდავოდ ჩვენი ყველას გამარჯვებაა. მაგრამ უნდა ვიცოდეთ რომ ომი არ დასრულებულა და ამ უხილავ მტერთან ბრძოლაში ყოფნას ვაგრძელებთ,”- აცხადებს ზურაბიშვილი.
პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში მთავრობის, ჯანდაცვის სპეციალისტებისა და თავდაცვის ძალების ძალისხმევას, რომლის დამსახურებითაც ქვეყანამ წარმატებას მიაღწია.
“როცა მიღწეულ წარმატებებზე ვმსჯელობთ, ყველაზე ნათლად ჩანს თუ რა როლი ითამაშა მასში პროფესიონალიზმა. ერთი მხრივ მთავრობამ, დროულად და ეფექტიანად აამოქმედა მართვის ყველა ბერკეტი, მეორე მხრივ ეპიდემიოლოგებმა და მედიკოსებმა სწორად დასახეს დაავადებასთან ბრძოლის სტრატეგია. ჩვენმა ჯარისკაცებმა ყველგან, სადაც საჭირო იყო, მაღალ დონეზე შეასრულეს დაკისრებული მოვალება და რაც მთავარია, საზოგადოებამ გამოავლინა თავისი სიმწიფე და ქვეყნის და მოყვასის სიყვარული. სწორედ პროფესიონალიზმა განაპირობა საზოგადოების მხრიდან ნდობის გამოცხადება და ეს გახდა პირველი წარმატების საფუძველიც” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
დღეს, 26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება.1918 წლის 26 მაისს ეროვნულმა საბჭომ დამოუკიდებლობის აქტი მიიღო, შედეგად საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა. რესპუბლიკის თავმჯდომარედ ნოე ჟორდანია აირჩიეს. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. ხოლო, საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, შეძლო.