ჯანდაცვის სამინისტრომ ეკატერინე ტიკარაძის განცხადება გაავრცელა.
მინისტრი, არსენ ტოროსიანის განცხადებას გამოეხმაურა.
როგორც ტიკარაძე აცხადებს, სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადება უსაფუძვლოა და გარკვეულ კითხვებს აჩენს. მისი თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სომხეთის ჯანდაცვის მინისტრთან კომუნიკაცია იგეგმება
„ჩვენ არაერთხელ გვქონდა სატელეფონო კომუნიკაცია იმ პერიოდში, როდესაც დაიწყო ეპიდემია, გავდიოდით გარკვეულ კონსულტაციებს და ვადარებდით ჩვენი ქვეყნების მდგომარეობას. თუ მას კითხვები გააჩნდა, შეეძლო გამოეყენებინა კომუნიკაციის ეს ხერხი და ჩვენი მხრიდან მოხდებოდა ყველა არსებულ კითხვაზე პასუხის გაცემა. ის, რომ საქართველოს ჯანდაცვის მხრიდან დადებული შედეგები არ არის ეჭვქვეშ, ამას ადასტურებს არამხოლოდ ის რიცხვები, რომელიც დღესდღეობით არის საქართველოში, არამედ ყველა ის შეფასება, რომელსაც ჩვენ ვისმენთ საზოგადოების მხრიდან. აქედან გამომდინარე, გარკვეული ეჭვები და კითხვები იბადება, თუ რა ედო საფუძვლად ჩემი კოლეგის მხრიდან ამ განცხადების გაკეთებას. ჩვენ ვგეგმავთ შემდგომ კომუნიკაციას მასთან იმისათვის, რომ დეტალებში გავერკვეთ, თუ რა გახდა ამის მიზეზი. საზოგადოებისთვის კი ნამდვილად არის ცნობილი ის ფაქტი, რომ მიუხედავად ბევრი კრიტიკისა, რომ აუცილებლად უნდა გაგვეკეთებინა სწრაფი ტესტები დიდი რაოდენობით, საქართველოს მთავრობამ შეინარჩუნა ის ღერძი და მყარად დგას იმ გადაწყვეტილებაზე, რომ საქართველოში ხდება ჩვენი მოქალაქეების ძირითადად PCR ტესტით ტესტირება, ყველა ჩვენი სტატისტიკა არის სარწმუნო, შესაბამისად, ამასთან დაკავშირებით ყველანაირი კითხვა იხსნება,” – განაცხადა ტიკარაძემ.
შეგახსენებთ, რომ სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა, 22 მაისს COVID-19-ზე საქართველოს სტატისტიკასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.