ქართველი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატის, ირმა ჭკადუას განცხადებით, ბრალდებულის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ არსებობს და ძალადობის ფაქტი არ ჩანს არც ვიდეო-მასალაში, რომელიც სათვალთვალო კამერებიდან არის ამოღებული.
ამის შესახებ ირმა ჭკადუამ “მთავარი არხის” ეთერში განაცხადა.
ამასთან ადვოკატის თქმით, ყოფილი მეუღლის ბრალდება, რომ მას ნიკოლოზ ბასილაშვილის მამა გაურკვეველი საგნით გაეკიდა, სიმართლეს არ შეესაბამება.
მისი თქმით, ნიკოლოზ ბასილაშვილის მამას ძალიანაც რომ უნდოდეს გამოკიდება, ვერავის გაეკიდება, რადგან მუხლებზე პრობლემა აქვს.
“მტკიცებულება, რომელიც ამოღებულია შემთხვევის ადგილიდან არ დგინდება რაიმე ფორმის ძალადობა.ამ შემთხვევას ჰყავს შემსწრეებიც, რომლებიც ცალსახად ადასტურებენ, რომ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. აქედან გამომდინარე, იძულებული გახდა ნიკოლოზ ბასილაშვილი დაიცვას თავი.,”- აცხადებს ჭკადუა.
ადვოკატისთვის გაუგებარია, თუ ბასილაშვილი მეუღლეზე სისტემატურად ძალალდობდა, რატომ არ სურდა ნელი დოროყაშვილს მასთან განქორწინება.
“ისინი დაშორდნენ 2009 წელს. თუკი ბასილაშვილი იყო მოძალადე ქმარი რატომ არ იყო დოროყაშვილი თანახმა განქორწინებაზე. თუკი მასზე სისტემატურად ძალადობდნენ, რატომ არ განაცხადა ამის შესახებ.
ხუთშაბათი დღე იყო, როდესაც ბასილაშვილმა წამოიყვანა შვილი მშობლების სახლში. მოყვანიდან 40 წუთში მობრძანდა ქალბატონი ნიკოლოზ ბასილაშვილის მშობლების სახლში და ბავშვი წაიყვანა ძალით, არის ჩანაწერები, გამოძიებას ამოღებული აქვს და საქმეში დევს,”- აცხადებს ადვოკატი.
შეგახსენებთ, რომ 22 მაისს ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეუფარდა.
პროკურატურის ინფორმაციით, 21 მაისს თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობა მას შემდეგ განახორციელა, რაც ნელი დოროყაშვილი მის სახლში ბავშვის წასაყვანად მივიდა. როგორც ყოფილი მეუღლე გამოძიებასთან აცხადებს, ბასილაშვილის მამა მას გაურკვეველი საგნით გაეკიდა და თავს ძლივს უშველა.