საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინიდან კონსულტაციებისთვის გამოწვეულ ელჩთან, თეიმურაზ შარაშენიძესთან პირველი შეხვედრის დასრულების შემდეგ განცხადებას ავრცელებს.
როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, ქართული მხარე დააკვირდება უკრაინაში პროცესების განვითარებას, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს უკრაინის ხელისუფლება საქართველოსთან მიმართებაში ურთიერთობის ნორმალიზების კუთხით და ელჩის დაბრუნებისდ თარიღი ამის შემდეგ გადაწყდება.
განცხადების თანახმად, ელჩის კონსულტაციებზე გამოძახება არ გულისხმობს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას და ასევე არ იგეგმება ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვა.
ამასთან, უწყებაში აცხადებენ, რომ ქართულმა მხარემ ელჩისგან მოისმინა ინფორმაცია და იმსჯელეს საქართველო-უკრაინის ორმხრივი ურთიერთობების საკითხებსა და პერსპექტივაზე იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რაც დღეისათვის არსებობს.
“უკრაინაში საქართველოს ელჩთან თეიმურაზ შარაშენიძესთან დღეს, საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა პირველი სამუშაო შეხვედრა კონსულტაციების ფარგლებში.
მოგეხსენებათ, რომ ელჩი საქართველოში დაბრუნების შემდგომ გადიოდა სავალდებულო კარანტინს. დღევანდელ შეხვედრაზე ელჩისგან მოვისმინეთ ინფორმაცია და ვიმსჯელეთ საქართველო-უკრაინის ორმხრივი ურთიერთობების საკითხებსა და პერსპექტივაზე იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რაც დღეისათვის არსებობს. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ელჩის კონსულტაციებზე დედაქალაქში გამოძახება გახლავთ დიპლომატიურ პრაქტიკაში მიღებული ნაბიჯი. ქართულმა მხარემ აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო უკრაინის ხელისუფლების მიერ საქართველოში მსჯავრდებული პირის საჯარო თანამდებობაზე დანიშვნის გამო, რაც ქართული მხარის შეფასებით, არ შეეფერება ორი ქვეყნის თანამშრომლობის სულისკვეთებას.
ბუნებრივია, ელჩის კონსულტაციებზე გამოძახება არ გულისხმობს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას და ასევე არ იგეგმება ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვა.
საქართველო უკრაინასთან განაგრძობს მთელ რიგ სტრატეგიულ საკითხებზე – იქნება ეს ტერიტორიების ოკუპაცია, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, ჩვეულ რეჟიმში თანამშრომლობას.
ბუნებრივია, ჩვენ დავაკვირდებით უკრაინაში პროცესების განვითარებას, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს უკრაინის ხელისუფლება საქართველოსთან მიმართებაში ურთიერთობის ნორმალიზების კუთხით და სწორედ ამის მიხედვით იქნება მიღებული გადაწყვეტილება ელჩის უკრაინაში დაბრუნების თარიღთან დაკავშირებით“, – აცხადებენ საგარეო უწყებაში.
შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის განკარგულებით, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა, 8 მაისს, საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინაში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე თბილისში კონსულტაციებზე გამოიძახა.