aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

Covid-19 და არჩევანი, რომელიც უნდა გაკეთდეს (ბლოგი)

aviabiletebi
ავიაბილეთები

კოვიდ 19-მა რომ მსოფლიო შეცვალა და მას ახალი დღის წესრიგი განუსაზღვრა, ამას ყველა ვხედავთ, ამაზე ყველა ვთანხმდებით.

ვაქცინისა და ეფექტური სამკურნალო საშუალებების შექმნაზე მომუშავე მსოფლიოს სხვადასხვა ლაბორატორიების მოლოდინში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის ჯანდაცვის სისტემებთან ერთად, ამა თუ იმ შეზღუდვებითა და რეგულაციებით, საერთო წესებით აღიჭურვა და ვირუსთან ბრძოლაშიც ამ ეტაპზე თავდაცვის პოზიციიდან ჩაერთო.

ამ მიმართულებით, რაოდენ გასაკვირადაც არ უნდა ჟღერდეს, საქართველოს ჯანდაცვის სისტემამ და მისმა შესაბამისმა სამსახურებმა მთელი მსოფლიოს მოწონება დაიმსახურა და სავსებით საფუძვლიანადაც.

რეგიონში, და არამარტო, ეპიდაფეთქების საერთო მუქ სურათს საქართველო მართლაც ღია წერტილად დააჩნდა და მიუხედავად იმისა, რომ სულ ორი დღის წინ მეზობელი სახელმწიფოს ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელმა ჩვენი იგივე სფერო ფაქტობრივად დაავადების სტატისტიკით მანიპულირებაში დაადანაშაულა, ეს არ ცვლის იმ უდავო ფაქტს, რომ კორონავირუსით დაავადებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი ჩვენთან იმდენია, რამდენიც აღრიცხულია და საგრძნობლად ჩამოუვარდება ბევრ სხვა სახელმწიფოში დაავადებულთა და გარდაცვლილთა რიცხვს.

რა თქმა უნდა ცალკე განხილვის თემაა ტესტირების საკითხი, მისი დაბალ და მაღალეფექტურობა, თუმცა არანაკლებ საგულისხმოა ისიც, რომ ბევრგან (და ამაზე მინიშნებები მსოფლიოში აქა-იქ უკვე კეთდება) კოვიდ-19 გარდაცვალების ძირითად და მთავარ მიზეზად იმ ვითარებაში სახელდება ხოლმე, სადაც ის სხვა მძიმე ქრონიკული დაავადებების თანმხლებად არის წარმოდგენილი და შესაბამისად, ადამიანის სიკვდილში თავისი წვლილის მიუხედავად, კონკრეტულ მიდგომაზეა დამოკიდებული – ჩაითვალოს პაციენტი დავუშვათ პნევმონიისგან გარდაცვლილად, თუ კოვიდ-19-ით გართულებული პნევმონიისგან, სადაც პნევმონია უკანა პლანზეა გადაწეული, კოვიდ-19 კი წინაზე და გარდაცვალების ძირითად მიზეზადაც ის სახელდება?.. შედარებისთვის ჰემოფილიის მძიმე ფორმით დაავადებული ადამიანი თუ კონკრეტულ გარემო-პირობებში სისხლის დიდი დანაკარგის გამო დაიღუპა, ასეთ შემთხვევაში სიკვდილის გამომწვევ მიზეზად შეიძლება დასახელდეს როგორც მიღებული ტრავმის კონკრეტული ხასიათი (დავუშვათ ღრმა ჭრილობა), ისე სისხლის შედედების უუნარობაც და მცდარი პრინციპში ამ ორი მიზეზიდან არცერთი იქნება. ასე რომ ეს, ერთი შეხედვით “უმნიშვნელო” სხვაობა, შეიძლება უზარმაზარ სხვაობად აისახოს ცალკეულ ქვეყნებში წარმოებულ სტატისტიკაზე და ვიღაცა ვიღაცასთან შედარებით “მომგებიან” პოზიციაშიც კი ჩააყენოს…

ამიტომ არის პრინციპულად მნიშვნელოვანი ვიცოდეთ პლანეტაზე სიკვდილიანობის სტატისტიკის ზოგადი მაჩვენებელი. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ კოვიდ-19-ით გარდაცვლილთა სტატისტიკის  ხარჯზე ხომ არ მცირდება სხვა დაავადებებისგან და ზოგადად გარდაცვლილთა სტატისტიკა ისე, რომ გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა, წინა პერიოდულ მონაკვეთებთან შედარებით, საშუალოდ უცვლელი რჩება.

ორიოდ სიტყვით იმ შეზღუდვებსაც მინდა შევეხო, რომლებიც პანდემიამ თან მოგვიტანა და რომელთა აუტანლობა ადრე თუ გვიან რა თქმა უნდა დაჩრდილავდა თავად დაავადებისგან მომდინარე საფრთხეებს!.. ეს მეტ-ნაკლებად და სხვადასხვა პროპორციებით მთელ მსოფლიოში ასეც ხდება და ასე გაგრძელდება იმის და მიუხედავად, თუ როგორი იქნება ინფიცირება-გამოჯანმრთელება-გარდაცვალების სტატისტიკა. ბოლოს და ბოლოს ადამიანისთვის პანდემიისგან გამომდინარე საფრთხეებსა და ეკონომიკური კატასტროფისგან გამომდინარე საფრთხეებს შორის პრინციპული განსხვავება არ არის!.. მან იცის, ყოველ შემთხვევაში ქვეცნობიერად მაინც, რომ თავდაცვის ასეთი, რაღაცა სტერილურ კაფსულაში გამოკეტვის მეთოდი არანაკლებ (მეტად თუ არა) საზიანოა მისი  ჯანმრთელობის როგორც ფიზიოლოგიური, ისე ფსიქიკური შემადგენლისთვის, ვიდრე საკუთრივ დაავადებისგან მოყენებული მოსალოდნელი ზიანი და პანდემიის საწყის ეტაპზე დაგროვებულ ვირუსის მიმართ  განცდილი შიშისა და რიდის მარაგებსაც ისე სწრაფად ამოწურავს, რომ ვერანაირი რეგულაციებით, “დარჩი შინ”-ებით, “ვისწავლოთ ვირუსთან ერთად თანაცხოვრება”-თი და ა. შ.  მომრგვალებული ფორმის თხოვნა-განკარგულებებით ვერ შეუნიღბავ იმ წვეტიანი კუთხეების განცდას, რომელთაც სხვანაირად  აკრძალვები ჰქვია… აკრძალვებს კი ადამიანის ბუნება, უნდა ეს თუ არა, დიდხანს ვერ ითმენს და სხვადასხვა ფორმებით ეწინააღმდეგება.

და ბოლოს…

მმართველი წრეები, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ცდებიან როცა ჰგონიათ, რომ პანდემიას, თუნდაც მსხვერპლის მზარდი რაოდენობის პირობებში და ფონზე, ადამიანების ქცევებზე ზუსტად ისეთი ზეგავლენა ექნება, როგორიც წარმოუდგენიათ და პროგნოზირებენ.

დიდი ალბათობით სულ მალე კორონავირუსი პრობლემატურობის ხარისხით პირველი აღარ იქნება… სხვა პრობლემები უფრო მეტ აქტუალურობას შეიძენს სულ მალე და ეს განსაკუთრებით საგრძნობი და თვალსაჩინო ისეთ ქვეყნებში იქნება, რომელთა პოლიტიკურ-ეკონომიკური სიმძლავრეები დაბალია და დიდწილად სხვებზეა მიბმული… საქართველო ერთ-ერთი ასეთი ქვეყანაა და უახლოეს კვირებში იმ “არყოფნასა” და “არყოფნას” შორის არჩევანის გაკეთება მოუწევს, სადაც “არყოფნა” მოსახლეობაში კოვიდ-19-ით დაავადებულთა რიცხვის გაზრდის რისკია, “არყოფნა” კი ქვეყნის ეკონომიკური ცხოვრების ერთმნიშვნელოვანი კრახი… არჩევანის ასეთი შეზღუდულობისა და მისი ასეთი რადიკალურობის მიუხედავად ის ერთია და ნებისმიერ შემთხვევაში გასაკეთებელი!..

უნდა ავირჩიოთ – კორონავირუსს დავემალოთ გარანტირებულად ცარიელ დახლებსა და სახლებში, თუ ცარიელ დახლებს და სახლებს დავემალოთ იმ რისკში, რომელიც პანდემიას თან ახლავს?!

უნდა ავირჩიოთ – ვიმოძრავოთ რისკის ფასად, თუ შიშს გავუწიოთ თუნდაც საფუძვლიანი ანგარიში და გავჩერდეთ იქ, სადაც გაჩერებაც და მოძრაობაც რისკს ფაქტობრივად ერთნაირი დოზით შეიცავს?!

ვასო შონია

იტვირთბა....