“საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ კრიზისს რუსეთის აგრესიის გამოწვევა შეუძლია” – ამ სათაურით სტატიას ბრიტანული გამოცემა „ფაინენშალ თაიმსი“ აქვეყნებს.
„საქართველოს პრეზიდენტი აფრთხილებს მსოფლიოს, რომ რუსეთის ბრძოლა კორონავირუსის გავრცელებასთან და ეკონომიკური კრიზისი, რომელსაც ამძაფრებს ნავთობის ფასების დაცემის საფრთხე, აჩენს კრემლის ახალი აგრესიის საფრთხეს მის საზღვრებს გარეთ“, – აღნიშნულია გამოცემის სტატიაში.
საქართველოს პრეზიდენტს ამის მაგალითად მოჰყავს 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესია, რის შედეგადაც საქართველომ საკუთარი ტერიტორიის 20 პროცენტი დაკარგა.
„სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ შიდა პრობლემები რუსეთში, როგორც წესი იწვევს საგარეო აგრესიას და არა მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობების გადახედვას ან თანამშრომლობას“, – აღნიშნულია “ფაინენშალ თაიმსის” პუბლიკაციაში.
„პანდემიისა და ნავთობის კრიზისი, შესაძლოა, პოლიტიკური სიტუაცია, ყველაფერმა ამან შეიძლება, უბიძგოს, წაახალისოს რუსეთი აგრესიისკენ, რათა მან აჩვენოს უპირატესობა საზღვრებს გარეთ. როგორც საქართველოს პრეზიდენტს, იმედი მაქვს, რომ ამჯერად ასე არ მოხდება და შესაძლოა, კრიზისმა აჩვენოს რუსეთის მმართველობას, რომ მათი პრობლემების გადაჭრა სხვა გზით არის შესაძლებელი“, – ამბობს სალომე ზურაბიშვილი „ფაინენშალ თაიმსთან“ საუბრისას.