ჩოხატაურში, სოფელ კოხნარში, საზოგადოებრივი ცენტრის აფეთქებული ბანკომატიდან, სავარაუდოდ, 10 ათას ლარამდეა წაღებული.
ადგილობრივების თქმით, ეს დაყაჩაღების უკვე მესამე მცდელობა იყო.
სოფელ კოხნარში მდებარე საზოგადოებრივი ცენტრი, სადაც ბანკომატი იდგა, 8 სოფელს ემსახურება. ადგილობრივების თქმით, მათთვის ამ ცენტრის ფუნქციონირება მნიშვნელოვანი იყო.
აფეთქება საზოგადოებრივ ცენტრში ღამით, დაახლოებით 23 საათზე, კომენდანტის საათის მოქმედების პერიოდში მოხდა.
დაზიანებულია „ლიბერთი ბანკის“ ბანკომატი, შენობის კედლები, ჩამსხვრეულია მინები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.