საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, მოსახლეობას უნდა ესმოდეს, რომ გარკვეული შეზღუდვების შენარჩუნება აუცილებელია მათივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე.
ამის შესახებ გიორგი გახარიამ საკოორდინატო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, სწორედ დროულად გატარებული პრევენციის ზომები არის იმის შედეგი, რომ დღეს ქვეყანა ვირუსთან ბრძოლაში წარმატებულია.
“ყველას უნდა გვესმოდეს, რომ იძულებულები ვართ, გარკვეული სახის შეზღუდვები შევინარჩუნოთ, მაგალითად, გარკვეული ეკონომიკური საქმიანობების, სამოქალაქო და მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილების, სპორტული და კულტურული ღონისძიებების, საზღვრებზე კონტროლის თვალსაზრისით. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ თუ დღეს საქართველო წარმატებულია კოვიდ 19-თან ბრძოლაში, წარმატებული არის მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ გადავდგით დროული პრევენციული ნაბიჯები პირველ რიგში, საზღვრებზე კონტროლის კუთხით,”- აცხადებს გახარია.
ამასთან, პრემიერის თქმით, ინფიცირების შემთხვევების კლება არ ნიშნავს, რომ ვირუსი გაქრა, ამიტომ ინფექციასთან ბრძოლა გრძელდება ისე, რომ ეკონომიკური საქმიანობებიც ეტაპობრივად აღდგეს.
“უაღრესად ეფექტიანი იყო ის ნაბიჯები, რომელმაც ქვეყანაში მობილობის შემცირების საშუალება მოგვცა და თუ საქართველოში საშუალოდ გვყავს მაგალითად, დღეში 2, 5 ან 10 ინფიცირებული, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვირუსი დამარცხებულია. ყველას კარგად უდა გვესმოდეს, რომ ჩვენი ძირითადი ამოცანა გახლავთ, ვიზრუნოთ ადამიანის ჯანმრთელობაზე, ოღონდ ეს ისე გავაკეთოთ, რომ ჩვენს მოქალაქეებს მივცეთ საშუალება, ფრთხილად და ეტაპობრივად გაანახლონ თავინთი ეკონომიკური საქმიანობა იმისთვის, რომ ოჯახი არჩინონ“,- განაცხადა გახარიამ.
შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში შეზღუდვების მოხსნა დაიწყო. ბიზნესის ნაწილმა საქმიანობა განაახლა, გაიხსნა საწარმოები. 23 მაისიდან კი ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი გაუქმდება.