“რა თქმა უნდა, კოლეგებო არსებობს ადამიანის უფლებებში არათანაზომიერი ჩარევის რისკი, არსებობს გარკვეული საფრთხეები, თუმცა ჩვენ იმიტომ ვართ აქ, რომ დავაზღვიოთ ეს საფრთხეები, დავაზღვიოთ რისკები და ერთად მსჯელობით მივიდეთ და ისეთ კონდიციამდე მივიყვანოთ ეს კანონი, რომ ეს რისკები იყოს მაქსიმალურად დარღვეული. თუ რომელიმე კოლეგა მეტყვის, რომ ეს კანონი არ შეიძლება მივიღოთ იმიტომ, რომ ის შეიძლება, ბოროტად გამოიყენოს აღმასრულებელმა ხელისუფლებამ, ამ კოლეგას მე შემიძლია, ვუთხრა, რომ წინა ხელისუფლებას არანაირი კანონი არ მიუღია საერთოდ, ისე აწამეს გირგვლიანი და მოკლეს ბუტა რობაქიძე, ასევე მოლაშვილი. ეს საერთოდ არ მომხდარა კანონის საფუძველზე. ანუ თუ ვინმეს უნდა რამის ბოროტად გამოყენება, სულ არ სჭირდება ამისთვის არც კანონი, არც სასამართლო, არც სამართალი, არაფერი არ სჭირდება.”
სოფიო კილაძე – პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე
ამის შესახებ სოფიო კილაძემ პარლამენტის საგანგებო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც “საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” კანონში ცვლილებების პროექტს განიხილავენ.
ცვლილებეის მიხედვით, მთავრობას ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება. კანონპროექტს ოპოზიციისა და დამოუკიდებელი დეპუტატები მხარს არ უჭერენ და აცხადებენ, რომ მისი მიღება არადემოტრატიული და არაკონსტიტუციურია.