მსოფლიოში კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ უკვე 5 მილიონს გადააჭარბა.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 5 მილიონ 90 ათას 977-ს მიაღწია, დაღუპულია 329 761 და გამოჯანმრთელებულია 2 მილიონზე მეტი ადამიანი.
ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 106 000 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც, პანდემიის გავრცელების დროიდან დღემდე ერთი დღე-ღამის მანძილზე გამოვლენილი შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელია
ინფიცირების შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კვლავ ამერიკის შეერთებულ შტატებშია, სადაც ინფიიცრებულთა რაოდენობამ 1.5 მილიონს გადააჭარბა. აშშ-ს მაღალი მაჩვენებლით მოსდევს რუსეთი და ბრაზილია.
კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში ჯერ კიდევ დეკემბერში დაფიქსირდა. სწორედ, უხანის პროვინციას განიხილავენ ვირუსის სამშობლოდ. თუმცა, დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში ვითარება ყველაზე სტაბილურია და ეპიდემია დასრულებულადაც კი გამოცხადდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.
პანდემიის დროს მრავალ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და მკაცრი შეზღუდვები დაწესდა. თუმცა, ბოლო პერიოდში ვითრაება იცვლება და ქვეყნებმა დაწესებულ შეზღუდვების შემსუბუქება დაიწყეს.