ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ძალიან გვეშინია, სიტუაცია, რომელიც აქამდე მოვიყვანეთ, არაკონტროლირებადი არ გახდეს და ზაფხულს COVID-19-ის ახალი შემთხვევების მატებით არ შევხვდეთ” – იმნაძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე აცხადებს, რომ ბევრი რეგულაცია იხსნება, მაგრამ საზოგადოება მაინც ფრთხილად უნდა იყოს. აღნიშნული განცხადება იმნაძემ, “ფეისბუქზე” პირდაპირი ჩართვისას გააკეთა.

მისი თქმით, სომხეთში შეზღუდვების გაუქმების მიუხედავად, ბოლო 3 დღეში კორონავირუსის იმაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც საქართველოში მთლიანად არის დაფიქსირებული.

„მესმის, რომ ძალიან შეწუხდა ჩვენი მოსახლეობა ამ შეზღუდვებისგან, მაგრამ გვერდით გვყავს მეზობელი ქვეყანა სომხეთი, რომელმაც პრაქტიკულად ყველა შეზღუდვა ერთდროულად გააუქმა, გაუქმდა აკრძალვები, აღდგა ტრანსპორტი, დახურული და ღია რესტორნებიც გაიხსნა, ანუ ყველაფერი გაიხსნა. ჯერჯერობით, რასაც ვუყურებთ, ბოლო 3 დღეში იმაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც საქართველოში მთლიანად არის დაფიქსირებული. ამიტომ, ძალიან ფრთხილად ვეკიდებით ამ საკითხს. მოგეხსენებათ, ბევრი რეგულაცია იხსნება, მაგრამ მაინც ფრთხილად უნდა ვიყოთ“,-განაცხადა იმნაძემ.

იმნაძემ სატრანსპორტო საშუალებით 3-ზე მეტი პირის გადაადგილებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ შეზღუდვა ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით მოიხსნება.

„რა თქმა უნდა, ესეც მოიხსნება, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ ძალიან გვეშინია იმის, რომ სიტუაცია, რომელიც აქამდე მოვიყვანეთ, არაკონტროლირებადი არ გახდეს და ამ ზაფხულს არ შევხვდეთ კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატებით“,-განაცხადა იმნაძემ.

იტვირთბა....