პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციის წარმომადგენლებს მიმართა, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები კარგად განიხილონ, რომელიც განმარტავს, თუ როგორ უნდა განხორცილდეს შეზღუდვები და პრევენციული ზომები.
ამის შესახებ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, სადაც კანონპროექტის ინიცირება იგეგმება.
თალაკვაძემ ოპოზიციის წევრს, რომან გოცირიძესაც მიმართა და ურჩია, კარგი იქნებოდა, კიდევ ერთხელ გადაეხედა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონის მოქმედი რედაქციისთვის, რომელსაც ხელი მისთვის კარგად ნაცნობმა ადამიანმა მოაწერა.
“ცვლილებები, რომელიც ჩვენ შემოგვაქვს აზუსტებს და დღევანდელ მოცემულობაში განმარტავს, თუ როგორ უნდა განხორცილდეს ეს შეზღუდვები და პრევენციული ზომები, რომელიც დღეისათვის ჩვენ გვჭირდება. ეს უბრალოდ იმისთვის, რომ დავასრულოთ ის აპოკალიპტური პროგნოზები, რომელიც თქვენ აქ გააკეთეთ. მესმის, რომ თქვენი პოზიცია სუბიექტურია და თქვენი პარტიის პოზიცია არის თქვენი ფრაქციის პოზიცია, მე პატივს ვცემ თქვენს პოზიციას, მაგრამ ამ პატივისცემის ფარგლებში, მინდა დაგიმტკიცოთ, რომ თქვენ სუფთა მანიპულაციას აკეთებთ დღეს ამ სხდომაზე და სარგებლობთ იმ მანდატით, რომელიც თქვენ გაქვთ პარლამენტში.
კარგი იქნებოდა, თქვენს გამოსვლამდე კიდევ ერთხელ გადაგეხედათ „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონის მოქმედი რედაქციისთვის, რომელსაც სხვათაშორის თქვენთვის ძალიან ნაცნობი ადამიანი აწერს ხელს, თქვენთვის ძალიან ნაცნობ წლებშ,”- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, რომ “საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” კანონში ცვლილებების მიხედვით, მთავრობას ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება.
ამასთან დაკავშირებით, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ ფაქტობრივად, ესაა მთავრობის ხელში სერიოზული იარაღი, რომელიც შეიძლება ბოროტად იქნეს გამოყენებული.