ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ლოგიკური არის, რომ მე ვიყო მაჟორიტარი”- გიგი უგულავა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას განცხადებით, ოპოზიცია მაჟორიტარების ერთიან კანდიდატზე უნდა შეთანხმდეს.

ამის შესახებ გიგი უგულავამ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციის წარმომადგენელთა შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ლოგიკურია, რომ თავად მაჟორიტარობის კანდიდატი იყოს.

„მე მაღალი ალბათობით ვიქნები, მაჟორიტარი იმ შემთხვევაში, თუ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიები შევჯერდებით ოლქზე და ჩემს პერსონაზე. ამიტომ მე ჯერ ამაზე არც მიფიქრია. ლოგიკური არის, რომ მე ვიყო მაჟორიტარი, მაგრამ სად ვიქნები, როგორ ვიქნები, ვერ ვიტყვი, კონსულტაციები უნდა გავიაროთ სხვა პარტიებთან,”- აცხადებს უგულავა.

ხოლო, რატომაა ლოგიკური, ის იყოს მაჟორიტარი, უგულავა პასუხობს, რომ ასეტ დროს ლიდერებმა საკუთარ თავზე მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.

“ჯერ ერთი ლოგიკურია, რომ ასეთ დროს ლიდერმა მეტი აიღოს თავის თავზე, მაგრამ ამ შემთხვევაში სრულიად პრაგმატულად უნდა მივუდგეთ. თუ ამა თუ იმ ოლქში, ფორმალურად, არაპოლიტიკურად ლიდერი, შეიძლება საერთოდ არაპოლიტიკოსი, მაგრამ სამოქალაქო აქტივისტი მეტად გამსვლელია, მე დავუთმობ. ნებისმიერი ნორმალური პოლიტიკოსი ასე მოიქცევა. აქ პირად ამბიციებზე არ ვსაუბრობთ. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ქვეყანაში მომწიფებული, გარდაუვალი და აუცილებელია ცვლილებები. ყველა პოლიტიკოსმა, აქტიურმა ადამიანმა უნდა მოახერხოს, ყველაფერი პირადული გვერდზე გადადოს.  ეს ცვლილებები უნდა შედეგს, შედგეს ქვეყნისთვის მინიმალური დანაკარგებით,”- განაცხადა გიგი უგულავამ.

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ რაც ხელისუფლება 8 მარტის შეთანხმების პირობების შესრულებაზე უარს ამბობდა, ოპოზიციურმა პარტიებმა შეხვედრები განაახლეს.ოპოზიცია ხელისუფლებას 8 მარტის ყველა პირობის შესრულებას სთხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ.

დღეს “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში მეორე შეხვედრა გაიმართა, რომლის შემდეგაც ოპოზიციის წარმომადგენლებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

 

იტვირთბა....