ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ჩვენი ამოცანაა, 2020 წლის არჩევნები ჩატარდეს მშვიდ, ნორმალურ ვითარებაში, ხოლო ხელისუფლება შეიცვალოს არჩევნების გზით”- ოპოზიციის ერთობლივი განცხადება

“ლეიბორისტული პარტიის” ოფისში შეხვედრის გამართვის შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენლებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ პრეზიდენტის შეწყალების აქტი მნიშვნელოვანი გადადგმული ნაბიჯია საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის ნორმალიზაციისკენ და იმედოვნებენ, რომ საპატიმროს მალე დატოვებს გიორგი რურუაც.

ოპოზიციური პარტიის წევრები აღნიშნავენ, რომ მხოლოდ ამ პირობის შესრულების შემდე მიიღებს საქართველოს პარლამენტი შეთანხმებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს და ამ გზით  ქვეყანა წინ წაიწევს პროპორციული და სამართლიანი საარჩევნო სისტემისკენ.

განცხადებით მიხედვით, ოპოზიციის მტავარი  ამოცანაა, რომ 2020 წლის არჩევნები საქართველოში ჩატარდეს მშვიდ, ნორმალურ ვითარებაში, ხოლო ხელისუფლება შეიცვალოს არჩევნების გზით.

“პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული გადაწყვეტილება, რომლითაც გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი გათავისუფლდნენ, მნიშვნელოვანი ნაბიჯია 8 მარტის შეთანხმების შესრულებისკენ და საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის ნორმალიზაციისკენ.

იმედს გამოვთქვამთ, რომ საპატიმროს მალე დატოვებს გიორგი რურუაც, ხოლო ამის შემდეგ საქართველოს პარლამენტი მიიღებს შეთანხმებულ საკონსტიტუციო ცვლილებებსა და ასევე გადაიდგმება ნაბიჯები საარჩევნო კანონმდებლობის საერთაშორისო რეკომენდაციების საფუძველზე გარდასაქმნელად.

ამით ქვეყანა არსებითად წინ წაიწევს პროპორციული და სამართლიანი საარჩევნო სისტემისკენ. ამ პროცესის დასრულება არის კარგი მთლიანად ქვეყნისთვის, მისი ყველა მოქალაქისთვის, და არა რომელიმე ცალკეული პარტიისთვის. ჩვენი ამოცანაა, რომ 2020 წლის არჩევნები საქართველოში ჩატარდეს მშვიდ, ნორმალურ ვითარებაში, ხოლო ხელისუფლება შეიცვალოს არჩევნების გზით, რაც მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება საქართველოს დემოკრატიზაციის გზაზე.

ხელისუფლების არჩევნებში დამარცხების შემდეგ, დემოკრატიულმა და დღევანდელმა მთავრობამ უნდა გამოიყვანოს ქვეყანა დღეს არსებული ეკონომიკური ჩიხიდან, გადადგას საკვანძო ნაბიჯები სასამართლოს დამოუკიდებლობისკენ, რათა საქართველო აღარასდროს დადგეს იმ გამოწვევების წინაშე, რასაც პოლიტიზირებული მართლმსაჯულება და ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობა ჰქვია.

ჩვენ, ოპოზიციურ პარტიებს, სწორედ ამ მიზნების მისაღწევად გადაწყვეტილი გვაქვს ერთმანეთთან კოორდინირებული მოქმედება. ჩვენი ამოცანაა, რომ ყველა ცვლილება საქართველოში, მხოლოდ კონსტიტუციურ ფარგლებში და მშვიდობიანად განხორციელდეს და ხელისუფლება დემოკრატიული არჩევნების გზით კვლავ შეიცვალოს“, – ნათქვამია განცხადებაში.

იტვირთბა....