ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ კორონავირუსის წარმოშობაზე გამოძიების დაწყება ჯერ კიდევ ნაადრევია.
ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
სამინისტროს სპიკერმა, გენ შუანმა ბრიფინგისას განაცხადა, რომ ქვეყნების უმრავლესობისთვის პანდემია ჯერ კიდევ არ დასრულებულა და ამიტომ გამოძიების დაწყება ჯერ მიზანშეწონილი არ არის.
სპიკერმა ასევე განაცხადა, რომ ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ასამბლეას ვიდეომიმართვით გახსნის.
ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რიგით 73-ე ასამბლეა დღეს გაიხსნება და კორონავირუსის პანდემიის გამო ვიდეოკონფერენციის სახით ჩატარდება. ასამბლეა ორდღიანია.
რაც შეეხება კორონავირუსის წარმოშობაზე გამოძიებას, ცნობილია, რომ მსოფლიო ლიდერები ვირუსის ხელოვნურად გავრცელებაში ჩინეთს ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ ქვეყანა რეალურ სტატისტიკას მალავდა. გამოძიების დაწყების ინიციატივით კი აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამოვიდა, რომელიც ირწმუნება, რომ ჩინეთმა ეს შეგნებულად გააკეთა.