“ყველას კარგად გვესმის, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკითხი უმნიშვნელოვანესია. ძალიან მალე არის საპარლამენტო არჩევნები და ის თემა, რაზეც არსებობს პოლიტიკური კონსენსუსი მხარეებს შორის, უნდა იყოს ბოლომდე მიყვანილი. კერძოდ, შეთანხმების დეტალები ასახული უნდა იყოს კონსტიტუციაში და ხელისუფლება ამისთვის ყველაფერს აკეთებს. არაერთხელ ვთქვით, რომ შეთანხმების ერთგული ვართ. იმედი მაქვს, რომ ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერს. ოპოზიციაში ვგულისხმობ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ინიციატივას მხარი ამ პარტიებმაც დაუჭირონ, რადგან მხარის არდაჭერის შემთხვევაში, ეს იქნება მათი მხრიდან შესაბამისი პასუხისმგებლობა.’
გიორგი კახიანი – პარლამენტის ვიცე-სპიკერი
აღნიშნულით კახიანი ჟურნალისტებთან გიორგი რურუას პატიმრობაში დარჩენას გამოეხმაურა.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერაზე უარს ამბობს, თუ ხელისუფლება 8 მარტის შეთანხმების პირობებს სრულად არ შეასრულებს.
15 მაისს, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეწყალების აქტი, გამოსცა, რის მიხედვითაც გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლა. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პატიმრობიდან გიორგი რურუას გატავისუფლებასაც ითხოვენ. თუმცა, დღეს გამართულ სასამართლო სხდომაზე, მოსამართლემ ”მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა პატიმრობაში დატოვა.