“ძალიან სამწუხაროა, რომ ალბათ პოლიტიკური ზეწოლა სასამართლოზე არ იხსნება. ნებისმიერი თავისუფალი, დამოუკიდებელი სასამართლო სხვა გადაწყვეტილებას მიიღებდა. 8 მარტის შეთანხმება შესრულებულად არ ჩაითვლება. ვიდრე გიორგი რურუა რჩება საპატიმროში, ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს ვერ დაუჭერს. თუ ხელისუფლების სურვილია, რომ ჩავარდეს ეს შეთანხმება, მაშინ გიორგი რურუა დატოვონ საპატიმროში, მაგრამ ვიდრე საკონსტიტუციო პროცესი მიმდინარეობს, რჩება შესაძლებლობის ფანჯარა და მოვუწოდებ ხელისუფლებას, მოხსნას პოლიტიკური ზეწოლა სასამართლოზე, მისცეს მოსამართლეს იმ გადაწყვეტილების მიღების საშუალება, რაც არის შესაბამისად გათვალისწინებული, რასაც დამოუკიდებელი სასამართლო მიიღებდა და ეს არის გიორგი რურუას გათავისუფლება.”
აღნიშნულით სამადაშვილი ჟურნალისტებთან გიორგი რურუას პატიმრობაში დარჩენას გამოეხმაურა.
დღეს გამართულ სასამართლო სხდომაზე, მოსამართლემ ”მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა პატიმრობაში დატოვა.
მანამდე კი, 15 მაისს, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეწყალების აქტი, გამოსცა, რის მიხედვითაც გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლა. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პატიმრობიდან გიორგი რურუას გატავისუფლებასაც ითხოვენ და იმედოვნებენ, რომ პრეზიდენტი “მთავარი არხის” ერთ-ერთ დამფუძნებელსაც შეიწყალებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ.