საქართველოში გამოვლენილი ინფიცირების სამი ახალი შემთხვევა ე.წ. ბოლნისის კლასტერს უკავშირდება, სამი კი კარანტინის სივრციდან არის გადაყვანილი.
ამის შესახებ ჟურნალისტებს კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელმა, მაკა სოლოღაშვილმა განუცხადა.
მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, ცენტრში18 წლამდე ასაკის 10 ინფიცირებული პაციენტია და მათთან ვირუსი მსუბუქად მიმდინარეობს. ამასთან, რეანიმაციაში ორი პაციენტი იმყოფება.
„ბოლო 24 საათში გვყავს ექვსი ახალი პაციენტი, სამი მათგანი ე.წ. ბოლნისის კლასტერს უკავშირდება, სამი კი, კარანტინის სივრციდან არის გადმოყვანილი. ერთის გარდა, ახალი პაციენტებიდან ყველას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. აღნიშნული ერთი პაციენტი თავიდანვე მძიმე იყო და რეანიმაციაში მოთავსდა“, – განაცხადა სოლოღაშვილმა.
მისივე თქმით, ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში ამ დროისთვის 43 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 701 შემთხვევაა დადასტურებული. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი შვიდით გაიზარდა და 432 შეადგინა.
ამ დროისთვის კლინიკებში კორონავირუსით მკურნალობს სულ 257 მოქალაქე. საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 პირი.
რაც შეეხება ტესტირებებს, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, პისიარტესტით (PCR) პირველადი ტესტირება უკვე ჩაუტარდა 39 573 პირს.