“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, “ქართულ ოცნება” ქართველი ამომრჩევლის შემდეგ უკვე აღარ ერიდება საერთაშორისო პარტნიორების მოტყუებასაც.
ამის შესახებ ლევან ხაბეიშვილმა “მეტრონომთან” საუბრისას განაცხადა.
ხაბეიშვილის შეფასებით, “ქართული ოცნება” არის კრიმინალური მენტალობის ხელისუფლება, რომელიც ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს.
“ის, რომ ყველა შეთანხმებას არღვევენ და ქართველი ხალხის მოტყუების შემდეგ აღარ ერიდებიან საერთაშორისო პარტნიორების მოტყუებას, მათ შორის ჩვენი ამერიკის ელჩისას, რომელიც ესწრებოდა შეხვედრას, ყველაფერი გასაგებია. ახლა ამერიკის ელჩს შავზე ეუბნებიან, რომ არის თეთრი. ეს არის თავიდან ბოლომდე გაკოტრებული, კრიმინალური მენტალობისა და აზროვნების მქონე ხელისუფლება, რომელიც ცდილობს, შეინარჩუნოს მმართველობა,”- აცხადებს ხაბეიშვილი.
როგორც პარტიის წევრი აცხადებს, რა ფორმითაც არ უნდა ჩატარდეს არჩევნები, ხალხს უკვე გადაწყვეტლება მიღებული აქვს და “ქართული ოცნება” ხელისუფლებას ვეღარ შეინარჩუნებს.
“რა ფორმით ჩატარდება არჩევნები, არ აქვს მნიშვნელობა. “ქართულ ოცნებასა” და ბიძინა ივანიშვილს ხელისუფლებას ვერავინ შეუნარჩუნებს. ქართველ ხალხს გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს,”- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეებში საერთაშორისო პარტნიორები “ქართულ ოცნებას” 8 მარტის შეთანხმების პირობების შესრულებისკენ მოუწოდებენ. დასავლელი პარტნიორები აცხადებენ, რომ ისინი პოლიტიკური მოტივით დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას ელოდებიან.
მმართველ პარტიაში კრიტიკული განცხადებები კეთდება. ისინი დასავლელ პარტნიორებს ტყუილში დანაშაულებენ და აცხადებენ, რომ მათ კონკრეტული ადამიანების გათავისუფლებას არ დაპირებიან.
ამ საკითხზე ოპოზიციურმა პარტიებმა მოლაპარაკებები განაახლეს. პარტიის ლიდერებმა ერთობლივი განცხადებაც შეიმუშავეს, რომლის თანახმადაც პირობების შეუსრულებლობაზე მთლიან პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილსა და მის გუნდს აკისრებენ.