“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, “ქართულ ოცნებასა” და ბიძინა ივანიშვილს საპარლამენტო არჩევნების ეშინიათ, ამიტომ ყველაფერს აკეთებენ, რომ ხელისუფლებაში ყოფნა შეინარჩუნონ.
ამის შესახებ ლევან ხაბეიშვილმა “მეტრონომთან” საუბრისას განაცხადა.
ხაბეიშვილის შეფასებით, მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ თუ კიდევ მოატყუებენ ამომრჩეველს და მათ შორის 8 მარტის შეთანხმებას არ შეასრულებენ, ისინი ხმების საკმარის რაოდენობას მოიპოვებენ.
“ესენი მმართველობაში ფორმალურად არიან, თორემ ვინ მართავს ქვეყანას კარგად ვიცით. კარგად ვიცით, პროპორციული მოდელით არჩევნების ჩატარებაზე როგორ გადააგდო ივანიშვილმა ხალხი და ახლა არჩევნებზე მუხლები უკანკალებს, რადგან ფაქტია, ხელისუფლებას ვერ შეინარჩუნებენ. და ჰგონიათ, რომ კიდევ ერთხელ თუ მოიტყუებიან და მათ შორის, 8 მარტის შეთანხმებას დაარღვევენ, რაღაცნაირად მოიგებენ არჩევნებს. ეს არის მათი ილუზია და მათი ბელადის ილუზია, რომ რაღაცნაირად შეინარჩინონ მმართველობა,”- აცხადებს ხაბეიშვილი.
ამასთან, როგორც ხაბეიშვილი აღნიშნავს, როდესაც ხელისუფლება დაპირებას არ ასრულებს, საერთაშორისო თანამეგობრების თვალში ის არასაიმედო პარტნიორია და შესაძლოა ამით გახდნენ იძულებულები, შეთანხმება შეასრულონ.
რაც შეეხება პირობების შესრულების მეორე გზას, ხაბეიშვილის მოსაზრებით, ბიძინა ივანიშვილს დასავლეთში აქვს ანგარიშები, რის გამოც ეშინია.
“აქ ორი გზა არის, პირველი რომ ხელისუფლება ფაქტობრივ კაპიტულაციას აცხადებს და არ ასრულებს შეთანხმების პირობებს. ეს იმას ნიშნავს, რომ დასავლეთი იქნება, ევროპა თუ ქართველი ხალხი, აღარ აღიარებს ამ ხელისუფლებას. ხოლო მათი ჩამოცილება დროის საკითხი იქნება და ჩვენი ამოცანაა, ეს პროცესი მშვიდობიანად დავასრულოთ. მეორეა, რომ ივანიშვილს ანგარიშები აქვს დასავლეთში და მხოლოდ ამიტომ ეშინიათ,”- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეებში საერთაშორისო პარტნიორები “ქართულ ოცნებას” 8 მარტის შეთანხმების პირობების შესრულებისკენ მოუწოდებენ. დასავლელი პარტნიორები აცხადებენ, რომ ისინი პოლიტიკური მოტივით დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას ელოდებიან.
მმართველ პარტიაში კრიტიკული განცხადებები კეთდება. ისინი დასავლელ პარტნიორებს ტყუილში დანაშაულებენ და აცხადებენ, რომ მათ კონკრეტული ადამიანების გათავისუფლებას არ დაპირებიან.
ამ საკითხზე ოპოზიციურმა პარტიებმა მოლაპარაკებები განაახლეს. პარტიის ლიდერებმა ერთობლივი განცხადებაც შეიმუშავეს, რომლის თანახმადაც პირობების შეუსრულებლობაზე მთლიან პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილსა და მის გუნდს აკისრებენ.