ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარის ანდრიუს კუბილიუსის განცხადებით, ევროკავშირი მზადაა, დაეხმაროს საქართველოს, რომ ჰქონდეს სასამართლოს სისტემის უმაღლესი სტანდარტი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესი.
როგორც ანდრიუს კუბილიუსი აღნიშნავს, ევროკავსირი ყველაფერს აკეთებს, რათა დაეხმაროს საქართველოს და მის მოსახლეობას, მაქსიმალური სარგებელი მიიღოს ღია დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა დაცვის ეკონომიკის ზრდისა და კეთილდღეობის შედეგად.
ანდრიუს კუბილიუსმა იმ დახმარებაზეც ისაუბრა, რომელიც ევროკავშირმა საქართველოს პანდემიის დროს გაუწია.
“2020 წლის მარტის კრიზისის საწყის ეტაპზევე ევროკავშირი საქართველოს გვერდით იდგა. მან დაუყოვნებლივ დაიწყო გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მიწოდება, მოწყვლადი ჯგუფების დახმარება და მცირე და საშუალო წარმოების ლიკვიდურობის ზრდა ჯამში 90 მილიონი ევროს მოცულობით. გარდა ამისა, მიაწოდა სამედიცინო აღჭურვილობა, მათ შორის, ვენტილატორები, ლაბორატორიული ნაკრები, ნიღბები, დამცავი სათვალეები, სამედიცინო ხალათები და დამცავი კომბინიზონები ვირუსთან საბრძოლველად და ეს დახმარება საქართველოს იმ ტრენინგების პარალელურად გაეწია, რომელიც სამედიცინო და ლაბორატორიული სფეროს თანამშრომლებისთვის იყო ორგანიზებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგაიზაციასთან ერთად. მიზანმიმართული გრანტები დაეხმარება საქართველოს სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას, სამოქალაქო საზოგადოებას, კონკრეტულად კი კრიზისის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებულ ფენას, სოციალურ მეწარმეობას, სოციალურ სერვისებსა და ადამიანის უფლებების დაცვას,“- განაცხადა ანდრიუს კუბილიუსმა.
ევროპარლამენტარმა საქართველოსთვის გაწეულ ფინანსურ დახმარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ “ბიუჯეტის დახმარების ხარჯების ნაწილი დაკავშირებული იქნება განსაკუთრებულ პირობებთან საქართველოსთვის, კონკრეტულად მიმდინარე რეფორმების დანერგვასთან კანონის უზენაესობის, სასამართლო სისტემისა და საარჩევნო რეფორმის მიმართულებით”
“2020 წლის აპრილში ევროკავშირმა საქართველოსთვის დახმარების პაკეტი გასცა 183 მილიონი ევროს ოდენობის გრანტის სახით, საქართველოს სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ფინანსური მდგომარეობის გაძლიერებისთვის. მოგვიანებით, აპრილში ევროკავშირმა ასევე, დაამტკიცა დამატებითი დახმარება 150 მილიონი ევროს ოდენობის სესხის სახით საქართველოში მაკროეკონომიკური სტაბილურების მიზნით, რაც ქვეყანას მოსახლეობის დაცვასა და კრიზისის სოციო-ეკონომიკური შედეგების შერბილებაში დაეხმარება.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ბიუჯეტის დახმარების ხარჯების ნაწილი დაკავშირებული იქნება განსაკუთრებულ პირობებთან საქართველოსთვის, კონკრეტულად მიმდინარე რეფორმების დანერგვასთან კანონის უზენაესობის, სასამართლო სისტემისა და საარჩევნო რეფორმის მიმართულებით,“- განაცხადა ანდრიუს კუბილიუსმა.
მისივე თქმით, ევროკავშირი და საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს, რეფორმების განხორციელების, COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლისა და მის სოციალურ- ეკონომიკურ შედეგებთან გამკლავებისთვის, 500 მილიონი ევროს ოდენობის თანხით ეხმარება და საქართველოს შემთხვევაში ამ დახმარების საკვანძო კომპონენტი დაკავშირებულია მის მიერ აღებული ვალდებულებების შესრულებასთან, განსაკუთრებით კანონის უზენაესობის, კორუფციასთან ბრძოლის, საარჩევნო რეფორმების, ეკონომიკური მმართველობისა და გამჭვირვალობის მიმართულებით.
ცნობისთვის, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარემ, ანდრიუს კუბილიუსმა ასევე განაცხადა, რომ გლობალური პანდემიის გამო, საქართველოში ბევრი ადამიანი დაკარგავს სამუშაო ადგილსა და ბიზნეს, ამიტომ ხელისუფლებამ უნდა გამოიყენოს ყველა სოციალური და ეკონომიკური შესაძლებლობა.