“რაც შეეხება ეკონომიკის შემდგომ განვითარებას და ანტიკრიზისულ გეგმებს, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ, მოგეხსენებათ, ჩვენი მიდგომა არის მარტივი – კრიზისი ჩვენი ქვეყნისთვის უნდა გახდეს შესაძლებლობა, ეს გამოწვევა, გლობალური კრიზისი, გლობალური პანდემია ჩვენი ქვეყნისთვის უნდა ვაქციოთ შესაძლებლობად, გავხდეთ უფრო ეფექტიანი და წარმატებული გლობალურ კონკურენციაში. ამის ერთ-ერთი კარგი მაგალითი გახლავთ ტურიზმი და საქართველო უნდა იყოს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც შეძლებს ტურიზმის გახსნას, ტურიზმის ამუშავებას და ქვეყანაში სტუმრების მიღებას.”
გიორგი გახარია – საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ამის შესახებ გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
გახარიას განცხადებით, რამდენიმე ქვეყანასთან მოლაპარაკებები წარმატებით ხორციელდება, ხოლო პირველი ქვეყანა, საიდანაც საქართველო ტურისტებს მიიღებს, ისრაელი იქნება.
შეგახსენებთ, რომ ახალი გეგმის მიხედვით, რომელიც შეზღუდვების ნაადრევად მოხსნას ითვალისწინებს, საქართველოში შიდა ტურიზმი 15 ივნის გაიხსნება, ხოლო ქვეყანა საერთაშორისო ტურისტებს პირველი ივლისიდან მიიღებს.