IDFI-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი გიორგი კლდიაშვილი სოციალურ ქსელში კორონავირუსთან დაკავშირებით მის პირად გამოცდილებაზე პოსტს წერს, სადაც ნათქვამია, რომ PCR ტესტის უარყოფითი პასუხის მიუხედავად, ექიმის მტკიცებით, მის ბავშვი არის ინფიცირებული.
ამის შესახებ გიორგი კლდიაშვილი საკუთარ facebook გვერდზე წერს.
როგორც კლდიაშვილი აღნიშნავს, კლინიკა “მედიქლაბში” მისi ოჯახის წევრებს სწრაფი ტესტით ვირუსი დაუდგინდა, თუმცა ამის მიუხედავად, ისინი სახლში გამოუშვეს.
გიორგი კლდიაშვილის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„გუშინ წინ ჩემი შვილი მივიყვანეთ კლინიკა „მედიქლაბში“, ალერგიის შეტევის გამო. რადგან ბავშვს წინა კვირას ჰქონდა სიცხე, მას კლინიკაში მოთავსებამდე გაუკეთეს სწრაფი ტესტი კოვიდ-19-ზე.
ტესტის პასუხი იყო, რომ ბავშვს აქვს კოვიდ 19. ამის შემდგომ, ჩემი მეუღლე და ბავშვი მოათავსეს ბოქსირებულ პალატაში. მეორე დღეს, გადამოწმების მიზნით, ბავშვს გაუკეთდა PCR ტესტი. აღმოჩნდა, რომ მეორე დღემდე PCR ტესტის პასუხი არ იქნებოდა.
კლინიკა „მედიქლაბის” პერსონალმა ჩემს მეუღლეს გამოუცხადა, რომ მისი გაჩერება მეორე დღემდე ბოქსირებულ პალატაში არ შეიძლებოდა და შესთავაზეს არჩევანი, ან უნდა გადასულიყო ცხელების ცენტრში ან წასულიყო სახლში. ჩემმა მეუღლემ არჩია სახლში წამოსვლა ბავშვთან ერთად.
როდესაც კლინიკამ ჩემი მეუღლე და ბავშვი გამოუშვა კლინიკიდან, ბავშვის დიაგნოზი, რომელიც სწრაფმა ტესტმა აჩვენა იყო, რომ მას ჰქონდა კოვიდ-19-ის დიაგნოზი.
გარეთ 1.5 საათის ლოდინის შემდგომ ჩემს მეუღლეს მოაწერინეს ხელი, რომ თითქოს მას არ უნდოდა წასვლა ცხელების ცენტრში და ბავშვთან ერთად ის გამოუშვეს სახლში.
ანუ, კოვიდ-19 დიაგნოზით (რომელიც ჯერ არ იყო უარყოფილი PCR ტესტით) კლინიკა mediclub-მა ჩემი ბავშვი და ჩემი მეუღლე გამოუშვა სახლში.
მაინტერესებს, რამდენად მოიქცა სწორად კოვიდ-19 დადგენილი პროტოკოლის მიხედვით კლინიკა?
ღამით გვაცნობეს, რომ საბედნიეროდ, ლაბორატორიული შემოწმებით PCR ტესტმა, ბავშვზე კოვიდ-19 არ დაადასტურა.
ცალკე კიდევ გადაგვრია კლინიკა მედიქლაბის პედიატრმა, რომელიც გვიმტკიცებს, რომ კოვიდ-19-ზე PCR ტესტის უარყოფითი პასუხის მიუხედავად, ბავშვს აქვს კოვიდ-19, რადგან სწრაფმა ტესტმა ეს აჩვენა,”- წერს გიორგი კლდიაშვილი.