დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის პრეზიდენტის, ივა ჭყონიას შეფასებით, მთავრობის მიერ შეზღუდვების შემსუბუქების გეგმა ცოტა ალოგიკურია, ვინაიდან გაიხსნა კონკრეტული ბიზნესები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჯერ კიდევ არ ამოქმედებულა.
ამის შესახებ ივა ჭყონიამ “მეტრონომთან” საუბრისას განაცხადა.
როგორც ჭყონია აცხადებს, საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვა მოვაჭრეებს საფუძველს აძლევს, რომ ბაზარზე პროდუქტები გააძვირონ.
“შეზღუდვების შემსუბუქებას შორის ცოტა ალოგიკური ბმა არის და ვფიქრობ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი რაღაც ნაწილით მაინც უნდა გახსნილიყო. იმიტომ, რომ დღეს არავის არ აქვს იმის ფუფუნება, ტაქსებით გადაადგილდეს. თუნდაც, გაიხსნა ბაზრები და მოვაჭრეებს უწევთ, გადაადგილდნენ ტაქსებით. ამის გამო, ისინი იძულებულებიც ხდებიან, პროდუქტზე ფასები გაზარდონ,”- განაცხადა ჭყონიამ.
ამასთან, ჭყონიას მოსაზრებით, გაცილებით ადრე უნდა გახსნილიყო სამშენებლო სექტორი და უფრო აქტიურად უნდა ჩართულიყვნენ შესაბამისი სტრუქტურებიც.
“მთავრეობას აქვს სხვა ხედვა, მე რომ მთავრობაში ვყოფილიყავი, სხვანაირად გავაკეთებდი. სამშენებლო სექტორს იქამდეც მივცემდი საქმიანობის გაგრძელების უფლებას. ამასთან, უფრო აქტიურად ჩავრთავდი ეკონომიკის სამინისტროსა და სხვა შესაბამის სტრუქტურებს. და გარდა სამშენებლო ბიზნესისა, დღეს უკვე უფლებას მივცემდი, რომ ბარები და რესტორნები ღია ცის ქვეშ უკვე გახსნილი ყოფილიყო. თუმცა, ყველა გაჩერებულ ბიზნესს სჭირდება რესტარტი, ჩემი მხრიდან არარელევანტური იქნება დეტალებზე ვისაუბრო, მაგრამ ყველა ბიზნესს სჭირდება რესტარტი,”- განაცხადა ივა ჭყონიამ.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საზოგადოებას ახალი გეგმა წარუდგინა, რომელიც შეზღუდვების ნაადრევად მოხსნას ითვალისწინებს. გეგმის თანახმად, 15 ივნისიდან საქართველოში ადგლობრივი ტურიზმი გაიხსნება, ხოლო 1-ელი ივლისიდან ქვეყანა საერთაშორისო ტურისტებს მიიღებს.