თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, შეზღუდვების მოხსნა ქვეყნის მოქალაქეების თავისუფალ ქცევას არ ნიშნავს და მათ თვითშეზღუდვა უნდა გააგრძელონ.
ამის შესახებ მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
ამასთან, ეზუგბაია ამბობს, რომ ქართველებმა, თავიანთი განსხვავებული ხასიათის მიუხედავად, მეტ-ნაკლებად მაინც კარგად გადალახეს რთული პერიოდი, შეზღუდვებს დაემორჩილნენ და შედეგებიც შესაბამისია.
“რეგულაციების შესუსტება-შენელება, შემცირება, შეზღუდვების თანდათანობით მოხსნა არ ნიშნავს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების თავისუფალ ქცევას. მეტ-ნაკლებად ქართველებმა თავიანთი განსხვავებული ხასიათის მიუხედავად, მაინც ძალიან კარგად გადალახეს ეს პერიოდი და შეზღუდვებს დაემორჩილენ, როგორც მოქალაქეები, ისე დანარჩენებიც. აქედან გამომდინარე, ვნახეთ, რომ შედეგებიც ძალიან კარგი გვაქვს. აქედან გამომდინარე მივმართავ მოსახლეობას, ყველას, რომ ამ ღონისძიებების მოხსნასთან ერთად, თვითონ უნდა გადაწყვიტოს, რომ აუცილებლად გააგრძელოს ის მაქსიმალური თვითშეზღუდვა. არ არის აუცილებელი, ვიღაცამ შეგზღუდოს“,- განაცხადა ეზუგბაიამ.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების 639 შემთხვევაა დადასტურებული. ხოლო, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 349-ს შეადგენს.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.
ახალი კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 11 პაციენტი გარდაიცვალა.