ხვალიდან ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების ნაწილი იხსნება – როგორც ცნობილია, ხვალიდან მუშაობას განაახლებენ ის საცალო და საბითუმო მაღაზიები, რომლებსაც აქვთ დამოუკიდებელი შესასვლელი ქუჩიდან.
გარდა ამისა, ასევე მუშაობას განაახლებს ყველა ღია ტიპის ბაზრობა, აღდგება წარმოება და საგამომცემლო საქმიანობა. შეზღუდვების მოხსნა ჯერჯერობით არ ეხება სავაჭრო მოლებს, სალონებს, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და კომენდანტის საათს.
“ჩვენ გადავწყვიტეთ შეზღუდვების შემსუბუქების პროცესის დაჩქარება. 11 მაისიდან სრულიად გაიხსნება შესვლა-შემოსვლის პროცესი თბილისში, 14 მაისიდან გაიხსნება რუსთავი და გარდაბანი”, – შეგახსენებთ, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
შეგახსენებთ, მთავრობას შემუშავებული აქვს შეზღუდვების შემსუბუქების 6-ეტაპიანი გეგმა, თუმცა, როგორც გახარიამ აღნიშნა, სიტუაციიდან გამომდინარე შესაძლებელი ხდება სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება და შემსუბუქების პროცესის დაჩქარება.