ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“გუნდი განახლდება, იქნებიან ახალი სახეები და გამოცდილი პოლიტიკოსებიც” – არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, “ოცნებამ” ჯერ კიდევ ერთი წლის წინ დაიწყო მუშაობა, როგორც საკადრო მიმართულებით, ასევე საარჩევნო პროგრამაზეც. აღნიშნული განცხადება თალაკვაძემ, “იმედის” პირდაპირ ეთერში გააკეთა.

მისი თქმით, მმართველი გუნდის პირველი პასუხისმგებლობაა, რომ არჩევნები ჩატარდეს დემოკრატიულად და გამჭვირვალედ.

„არის ორი ძირითადი მიმართულება, თუმცა მესამე არის ჩვენი პასუხისმგებლობა და მოდით დავიწყოთ იმით, რომ ჩვენი პასუხისმგებლობა და პრიორიტეტი არის, ჩვენ როგორც ხელისუფლებამ ჩავატაროთ დემოკრატიული არჩევნები. ყველა წინა საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა თავისუფლად და დემოკრატიულად და ამას ადასტურებს სადამკვირვებლო ორგანიზაციების დასკვნები.

ჩვენი ნომერ პირველი პასუხისმგებლობაა, რომ ეს არჩევნებიც ჩავატაროთ დემოკრატიულად და გამჭვირვალედ და მერე უკვე გვაქვს ჩვენი პარტიული ამოცანა, გუნდის ამოცანა – პირველი არის საკადრო მიმართულება და მეორე – პროგრამული მიმართულება.

ანუ, რას გავაკეთებთ მომავალში, როდესაც ჩვენ ვეუბნებით ხალხს, რომ ავიღებთ პასუხისმგებლობას მომავალზე და მეორე, ავუხსნათ ხალხს, ვინ გააკეთებს ამ ყველაფერს, ვინ იქნებიან ის ადამიანები, რომლებიც ამას გააკეთებენ პოლიტიკურ გუნდში.

ამ მიმართულებით ჩვენ ერთი წლის წინ დავიწყეთ მუშაობა, გარწმუნებთ, რომ გუნდი ნამდვილად განახლდება, იქნებიან ახალი სახეებიც, იქნებიან გამოცდილი პოლიტიკოსებიც და ასევე, ყველა ჩვენს თანამებრძოლს, თანაგუნდელს მინდა ვუთხრა, იმ ადამიანებსაც, ვინც იყო პარლამენტში, საკრებულოებში, მთავრობაში, იბრძოდნენ ჩვენთან ერთად ღირებულებებისთვის და აკეთებდნენ საქმეს, რა თქმა უნდა, მომავლის პოლიტიკაშიც ექნებათ თავისი ღირსეული ადგილი.

ჩვენი თვითმიზანი არ არის თანამდებობები და კონკრეტულ პოზიციაზე ყოფნა, ჩვენი მიზანია, შევასრულოთ ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარი ამოცანები“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

იტვირთბა....