საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტი 45 წლის ქალია, რომელიც მკურნალობას გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადიოდა.
ჰოსპიტალში განმარტავენ, რომ 45 წლის ქალი თანმხლები მძიმე დაავადებების შედეგად გარდაიცვალა.
პაციენტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში ვირუსული ინფექციის ნიშნებით, 29 მარტს, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან გადაიყვანეს.
“ლუგარის კვლევით ცენტრში ჩატარებული „პისიარ“ტესტირების შედეგად, მას „კოვიდ-19“ დაუდასტურდა. პაციენტს ასევე აღენიშნებოდა თანმხლები დაავადებები, არტერიული ჰიპერტენზია, უნივერსალური სიმსუქნე. პაციენტს ჩაუტარდა კომპიუტერული ტომოგრაფია, სადაც ვლინდებოდა ორმხრივი პნევმონია, მრავლობითი ინფილტრაციები ე.წ. „დაბურული მინის“ ტიპით. მოგვიანებით განვითარდა ორმხრივი სპონტანური სისხლჩაქცევა თხემ-კეფის მიდამოში (ნეიროქირურგიულად შეფასდა როგორც ინოპერაბელური). მდგომარეობა შეფასდა როგორც კრიტიკული, რის გამოც ის რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადიოდა მკურნალობას. პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში მკურნალობის დღიდან იყო მძიმე, რასაც განაპირობებდა თანხმლები დაავადებები. მკურნალობა მიმდინარეობდა პროტოკოლის მიხედვით. თუმცა ვირუსის შედეგად გამოწვეული სხვადასხვა დაავადებების გართულებით, ექიმების მცდელობისა და ძალისხმევის მიუხედავად, დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი“, – ნათქვამია ჰოსპიტლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.