აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი, ენტონი ფაუჩი უარყოფს მოსაზრებას, რომ ახალი კორონავირუსი ხელოვნურად არის შექმნილი ან ჩინეთის ლაბორატორიიდან შემთხვევით გავრცელდა.
ამის შესახებ ენტონი ფაუჩიმ ჟურნალ “ნეიშენალ ჯეოგრაფიკთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ფაუჩის განცხადებით, ხელმისაწვდომი კვლევა აჩვენებს, რომ ვირუსი ბუნებრივად არის წარმოქმნილი.
“თუ შეხედავთ ვირუსის ევოლუციას ღამურებში, კვლევა ძლიერად იხრება იმისკენ, რომ ამ ვირუსით ხელოვნურად ან მიზანმიმართულად მანიპულირება შეუძლებელი იყო, რადგან მუტაციები ვითარდებოდა ბუნებრივი გზით. ბევრი ძალიან კვალიფიციური ბიოლოგი-ევოლუციონისტი აცხადებს, რომ ყველაფერი, რაც ეტაპობრივ ევოლუციას ეხება, მტკიცედ მიუთითებს, რომ ის განვითარდა ბუნებაში“, – განაცხადა ფაუჩიმ.
ცნობისთვის, ბოლო პერიოდში მსოფლიოს ლიდერები კორონავირუსის წარმოშობაზე კითხვებს სვამენ და არ გამორიცხავენ, რომ ვირუსი ხელოვნურად გავრცელდა და ჩინეთი რეალურ მონაცემებს მალავს.
ეს თემა აქტუალური მას შემდეგ გახხდა, რაც 1-ელ აპრილს აშშ-ის სადაზვერვო სამსახურებმა თეთრ სახლს გასაიდუმლოებული დასკვნა წარუდგინა, რომლის მიხედვითაც, ჩინეთი მალავდა თავის ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების მასშტაბებს, მათ შორის ვირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობებს.
ამის შემდეგ ტრამპმა “ჯანმოც” მკაცრად გააკრიტიკა. აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეს ის ორგანიზაციაა, რომელიც ჩინეთზე არის ორიენტირებული. პრეზიდენტის ორგანიზაციას ბრალი ეპიდემიის ცუდ მართვაში დასდო, რის შემდეგაც დაფინანსებაც შეუჩერა. ამასთან, აშშ=იმ კორონავირუსის წარმოშობასთან დაკავშირებით სერიოზულ გამოძიებას ატარებს.
ჩინეთის მისამართით კრიტიკას გამოხატავენ ევროკავშირის ქვეყნებშიც, სადაც მიაჩნიათ, რომ ქვეყანა რეალურ მონაცემებს მალავს.