“სამოქალაქო მოძრაობის” ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, მხოლოდ სამშენებლო ბიზნესისთვის საქმიანობის გაგრძელებისთვის უფლების მინიჭება ნათელს ხდის, რომ ამ ბიზნესზე შეზღუდვების მოხსნა ნეპოტიზმით ხდება.
ამის შესახებ ალეკო ელისაშვილმა “მეტრონომთან” საუბრისას განაცხადა.
ელისაშვილის განმარტებით, სამსენებლო კომპანიის დეველოპერები “ქართულ ოცნების” წარმომადგენლებს შორისაც არიან, ამიტომ კონკრეტულად ამ ბიზნესსფეროს ამოქმედება ჩაწყობით ხდება.
ამასთან, ელისაშვილი მთავრობის მიერ შეზღუდვების შემსუბუქების ეტაპებს არათანმიმდევრულსა და არალოგიკურს უწოდებს.
“ამ მთავრობის ძალიან ბევრი რამ გაუგებარია. სამშენებლო ბიზნეს რომ ხსნის, დანარჩენმა ბიზნესმა რა დააშავა?! სამშენებლო ბიზნესი რომ გახსნეს და სხვა არა, კორონავირუსზე გამოლოცვილია სამშენებლო ბიზნესი და სხვა ბიზნესებს შეყრილი აქვთ და ისინი საფრთხის წინაზე არიან, თუ როგორ?! ეს არის აბსურდი, აქ არის ჩაწყობა, იმიტომ რომ ყველა დეველოპერი “ქართულ ოცნებაშია” შემოკალათებული და რა თქმა უნდა, გაუჩერდათ ახლა ბიზნესები. ეს გახსნები ყველას უნდა შეხეეხოს,”- აცხადებს ელისაშვილი.
ამასთან, ელისაშვილის მოსაზრებით, აქამდეც აბსოლუტურად გაუგებარი იყო, რატომ აიკრძალა ონლაინვაჭრობა.
“ამას ვერაფრით ვხვდები. ონლაინით ხომ არ გადადის ეს ოხერი კორონავირუსი? ანუ, ძალიან არათანმიმდევრული, არალოგიკური და არასერიოზულია ეს ნაბიჯები. ამ ყველაფრის უკან ლობიზმი და კორუფცია იკითხება. სამშენებლო ბიზნესი ბიზნესია და დანარჩენი ბიზნესი ბიზნესი არაა? რატომ არის დანარჩენი ბიზნესი ჩაკეტილი. იმიტომ, რომ აქ არის ჩაწყობა, ფულის კეთება, სპეკულაცია და ა.შ.”- აცხადებს ალეკო ელისაშვილი.
ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან დაშვებულია სამშენებლო სექტორსა და სამშენებლო მასალების წარმოებაში მომაშავე ყველა კომპანიის საქმიანობა.
ასევე, დღეიდან ნებადართულია, ავტოსარემონტო კომპანიების მუშაობაც, ესენია ავტოსამრეცხაოები და ავტოსერვისები. თუმცა, მთავრობის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ ავტონაწილებით ვაჭრობაზე შეზღუდვა რჩება და დასაშვებია მხოლოდ ონლაინ ვაჭრობის ფორმით.