ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მეკობრეების მიერ გატაცებული ქართველი მეზღვაურები უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს

“მეკობრეების მიერ გატაცებულ ქართველ მეზღვაურებთან დაკავშირებით საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და დიპლომატიურ უწყებებთან ერთად ინტენსიურად მუშაობს, თუმცა ამ ეტაპზე მეზღვაურების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, დეტალებს ვერ გავახმაურებთ”, – ამის შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი, თამარ იოსელიანი აცხადებს.

იოსელიანის ინფორმაციით, გემზე დარჩენილი ოთხი ქართველი მეზღვაური უკვე უსაფრთხო ადგილზეა და ისინი დღეს შევლენ დასავლეთ აფრიკის ტოგოს ნავსადგურ ლომეში. შემდგომში კი დაიწყება საქართველოში მათი დაბრუნების პროცედურა.

„გემთმფლობელი არის ძალიან პასუხისმგებლიანი. მან უკვე დაიქირავა კრიზისების მართვის ჯგუფი, რომელიც მუშაობს მეზღვაურებთან დაკავშირებით. ინტენსიურად ვართ ჩართული როგორც სააგენტო, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტრო და დიპლომატიური უწყებები. რაც შეეხება გემზე დარჩენილ ოთხ ქართველ მეზღვაურს, ისინი დღეს შევლენ ლომეს პორტში და დაიწყება დაბრუნების პროცედურები.

მოგეხსენებათ მეზღვაურების როტაცია მსოფლიოში შეფერხებულია. ჩვენ ვიყავით პირველი ქვეყანა, ვინც ამ პერიოდში მოვახერხეთ მეზღვაურების დაბრუნება და ამ ოთხის დაბრუნებაზეც მიმდინარეობს მუშაობა, ოღონდ ამ პროცესს სჭირდება განსაკუთრებული ორგანიზება“, – განაცხადა თამარ იოსელიანმა.

შეგახსენებთ, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნიგერიაში მეკობრეებმა 10 მეზღვაური გაიტაცეს, რომელთაგან ცხრა საქართველოს მოქალაქეა.

იტვირთბა....