საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის მიტროპოლიტი, მალხაზ სონღულაშვილი, უსახლკაროდ დარჩენილ მოქალაქეებს თავშესაფარს მათს ეკლესიაში სთავაზობთ – ამასთან დაკავშირებით მიტროპოლიტმა ქადაგების დროს ისაუბრა.
მალხაზ სონღულაშვილი თბილისის მერიასთან მომხდარ შემთხვევას გამოეხმაურა – თბილისის მერიასთან, საპროტესტო აქციაზე, ლგბტ თემის წარმომადგენელმა თავის დაწვა სცადა.
“მე მინდა, მივმართო ყველა ადამიანს, ვინც დარჩენილია უსახლკაროდ, ულუკმაპუროდ, ტრანსგენდერი იქნება თუ ვინ იქნება, არ აქვს მნიშვნელობა. მოდით ჩვენთან ეკლესიაში და ჩვენ გაგიზიარებთ, რაც გვაქვს. წინასწარ ბოდიშს გიხდით მოკრძალებულობაზე, რომლის წინაშეც ჩვენ ვდგავართ.
თითოეული ადამიანი, ტრანსსექსუალი იქნება ეს თუ ჰეტეროსექსუალი, ჰომოსექსუალი, შავკანიანი თუ თეთრკანიანი, ღმერთის ხატად და სახედ არის შექმნილი, შესაბამისად ჩვენ ყველას მოწიწებული დამოკიდებულება გვმართებს ამ ადამიანის მიმართ.
ჩვენი ზრუნვის სამიზნე არის არა მარტო ადამიანი, არამედ ზრუნვა მთელი სამყაროს მიმართ გვმართებს. ვამაყობ იმ ახალგაზრდებით, რომლებიც ამ კარანტინის პირობებში გამოდიან ჩანთებით ხელში და საკვებს ურიგებენ ქუჩაში მყოფ ცხოველებს და ამით გამოხატავენ თავიანთ თანადგომა. რა თქმა უნდა, ისინი არ ფიქრობენ, რომ დიდ რელიგიურ საქციელს სჩადიან, მაგრამ მინდა ყველა დავარწმუნო, ამაზე დიდი რელიგიური საქციელი არ არსებობს, როდესაც შეგიძლია, უანგაროდ გაიღო სიკეთე ამ სამყაროს თითოეული წევრის მიმართ, ვინც არ უნდა იყოს იგი”, — განაცხადა მალხაზ სინღულაშვილმა ქადაგებისას.