მსოფლიოს მასშტაბით, ახალი ტიპის კორონავირუსის ინფიცირებისა და გარდაცვლილთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. ამ დროისთვის, მსოფლიოში კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა უკვე 3.5 მილიონს აღწევს, ხოლო ვირუსისგან 234 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.
არსებული მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში ინფიცირების მაჩვენებელი ყოველდღიურად, დაახლოებით 70-90 ათასით იზრდება, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვი – 5-8 ათასით.
რომელ ქვეყნებშია ყველაზე მეტად ეპიდაფეთქება და რომელი ქვეყნების მაღალი მაჩვენებლები ახდენს გავლენას მსოფლიოს მთლიან სტატისტიკაზე?!
გთავაზობთ მსოფლიოს პირველი ათი ქვეყნის მონაცემებს, სადაც, ამ დროისთვის, ვირუსის ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება.
ინფიცირების შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელით ამერიკის შეერთებულ შტატებშია, სადაც ინფიცირებულთა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა. აშშ-ში, ინფიცირების პირველი შემთხვევა 30 იანვარს, ილინოისის შტატში გამოვლინდა. ამ დროისთვის, ამერიკაში ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა 1 095 210-ს შეადგენს, მათგან 63 861 ადამიანი დაიღუპა.
აშშ-ის მაღალი მაჩვენებლით მოსდევს ესპანეთი. ქვეყანაში კორონავირუსით პირველი ადამიანის ინფიცირება 1-ელ თებერვალს დადასტურდა. ამ დროისთვის კი ესპანეთში ვირუსით 239 639 ადამიანია დაინფიცირებული, მათგან 24 543 გარდაიცვალა.
მესამე ადგილზეა იტალია, სადაც ინფიცირების პირველი შემთხვევა 31 იანვარს გამოვლინდა. ქვეყანაში ამ დრომდე დაინფიცირდა 205 463 ადამიანი, აქედან 27 967 ადამიანი კი დაიღუპა. შეგახსენებთ, რომ იტალია იყო ის ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც ვირუსის სწრაფად გავრცელება მოხდა და ვითარება უკონტროლო გახდა.
იტალიის შემდეგ მაღალი მაჩვენებლით მეოთხე ადგილი გაერთიანებულ სამეფოს უკავია. აქ ვირუსის პირველი შემთხვევა 28 თებერვალს დადასტურდა. ამ დროისთვის კი ინფიცირებულთა რაოდენობა 171 253-შ შეადგენს, ხოლო ვირუსისგან 26 771 პირი გარდაიცვალა.
მეხუთე ადგილზეა საფრანგეთი, სადაც ვირუსული ინფექცია პირველად 24 იანვარს დაფიქსირდა. ქვეყანაში ბოლო მონაცემებით, 167 178 ინფიცირებულია, მათგან კი 24 376 მოქალაქე ვირუსს ემსხვერპლა.
ინფიცირების მაღალი მაჩვენებლით საფრანგეთს გერმანია მოსდევს, სადაც პირველი შემთხვევა 27 იანვარს დაფიქსირდა. ცნობისთვის, გერმანიაში თავდაპირველად ვირუსი ფართოდ გავრცელდა და მაღალი მაჩვენებლით პირველ სამეულშიც შედიოდა. თუმცა, სწორი პოლიტიკისა და ზომების გატარების შემდეგ, ქვეყანაში ვითარება დასტაბილურდა და ინფიცირების შემთხვევების ზრდამაც საგრძნობლად იკლო. ამ დროისთვის კი ქვეყანაში ინფიცირების 163 009 შემთხვევაა დადასტურებული, ხოლო გარდაცვალების – 6 623 შემთხვევა.
გერმანიის შემდეგაა თურქეთის რესპუბლიკა. ყველას გვახსოვს, რომ ქვეყანაში ვირუსის ინფექცია გვიან დაფიქსირდა, რამაც მსოფლიოს ნაწილის გაკვირვებაც კი გამოიწვია. თურქეთში ინფიცირების პირველი შემთხვევა 11 მარტს გამოვლინდა. ამ დროისთვის, ქვეყანაში 120 204 ადამიანია დაინფიცირებული, ხოლო ვირუსის შედეგად 3 174 გარდაიცვალა.
მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა რუსეთიც, რომელიც სიაში თურქეთის შემდეგაა, მერვე ადგილასაა. აქ ვირუსის ინფექცია 30 იანვარს გამოვლინდა და ქვეყანამ ინფიცირებულ ადამიანთა რაოდენობით უკვე ჩინეთსა და ირანს გადაასწრო. ამ დროისთვის რუსეთში ინფიცირების მაჩვენებელი 106 498-ს შეადგენს, ხოლო გარდაცვალილთა რაოდენობა – 1 073 -ს.
რუსეთს მოსდევს ირანი, სადაც ინფიცირების პირველი შემთხვევა 19 თებერვალს დადასტურდა. ცნობისთვის, ქვეყანაში ვირუსი ფართოდ გავრცელდა პირველივე ეტაპზე და გარდაცვლილთა შორის არიან პოლიტიკოსებიც. ამ დროისთვის, ირანში ინფიცირებულია 94 640 ადამიანი, ხოლო ვირუსს 6 026 პირი ემსხვერპლა.
მეათე ადგილას კი ბრაზილიაა, სადაც ინფექცია პირველად 25 თებერვალს დაფიქსირდა. ამ დროისთვის ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა 87 187-ს შეადგენს, ხოლო ვირუსისგან 6 006 ადამიანია გარდაცვლილი.
ცნობისთვის, ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარო ერთ-ერთია, რომელიც კორონავირუსის საფრთხეს სკეპტიკურად უყურებს და ქვეყანაში არც შეზღუდვბეის დაწესებას ემხრობა. პრეზიდენტმა კორონავირუსის გამო მიღებული ზომები არაერთხელ გააკრიტიკა. მისი თქმით, კორონავირუსი “მედიის ტრიუკია“ და ის ცდილობს, მოატყუოს ლათინო ამერიკელები პანდემიის შესახებ. მან კორონავირუსს “პატარა გრიპი” უწოდა.
შეგახსენებთ, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში ჯერ კიდევ დეკემბერში დაფიქსირდა. სწორედ, უხანის პროვინციას განიხილავენ ვირუსის სამშობლოდ. თუმცა, დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში ვითარება სტაბილურია და ეპიდემია დასრულებულადაც კი გამოცხადდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.
თათა შაიშმელაშვილი