რასაც ყოველდღე ვაკეთებთ ჩვენი ვალდებულების ფარგლებში, ეს ნამდვილად არ იქნება ის, რითაც ჩვენ წარვდგებით საზოგადოების წინაშე წინასაარჩევნოდ – ამის შესახებ, პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძემ “რუსთავი 2-ის” ეთერში განაცხადა.
როგორც თალაკვაძე აღნიშნავს, “ქართული ოცნება” არჩევნებისთვის საზოგადოების წინაშე განახლებული გუნდით და გამოცდილი პოლიტიკოსებით წარდგება. მისი თქმით, გუნდში განახლება საჭიროა და მომავალში ახალი პოლიტიკური კლასი შემოვა.
“დღეს ბევრი საუბარია, რომ ის საქმე, რომელსაც ჩვენ ყოველდღე ვაკეთებთ ეს არის თითქოს კამპანია… ჩვენ თითქოს გვაქვს საკადრო პრობლემები და ა.შ. ეს არის უსაფუძვლო განცხადებები და თუ რა იქნება ჩვენი წინასაარჩევნო კამპანია და პროგრამა ამას საზოგადოება დაინახავს. რასაც ყოველდღე ვაკეთებთ ჩვენი ვალდებულების ფარგლებში, ეს ნამდვილად არ იქნება ის, რითაც ჩვენ წარვდგებით საზოგადოების წინაშე წინასაარჩევნოდ. თუ საზოგადოება გადაწყვეტს, რომ ჩვენი გაკეთებული საქმეების გამო მხარი დაგვიჭიროს, ეს მათი გადასაწყვეტია, მაგრამ წინასაარჩევნო პროგრამა იქნება მკაფიოდ ჩამოყალიბებული პრიორიტეტები და პროგრამა”, — განაცხადა თალაკვაძემ რუსთავი 2-ის ეთერში.