თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილტა რიცხვი მხოლოდ 6-ია, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ მკურნალობის ტაქტიკა სწორია.
ამის შესახებ თენგიზ ცერცვაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე განაცხადა.
ცერცვაძის თქმით, კოვიდინფიიცრებული პაციენტები 10 პროფილურ კლინიკაში მკურნალობენ და ყველა პაციენტთან, კოვიდინფექციის გართულებებიდან გამომდინარე მკურნალობა ინდივიდუალურად ხდება.
“სულ 6 გარდაცვლილი პაციენტია ჩვენთან, რაც ერთ-ერთი სუკეთესო მაჩვენებელია. შესაბამისად, ეს ძალიან დიდი ალბათობით მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანაში მკურნალობის ტაქტიკა სწორია და პაციენტების მოვლაც სწორია.
ჩვენთან კორონავირუსის მკურნალობა ხორციელდება 10 კლინიკაში ერთიანი მიდგომით. ერთიანი პრინციპებით ხდება როგორც დიაგნოსტირება, ასევე მკურნალობის შერჩევა, ამავე დროს, თითოეულ პაციენტთან მკურნალობის საკითხი წყდება ინდივიდუალური მიდგომით, იმიტომ, რომ კოვიდი მრავალსახოვანი დაავადებაა, ახალია, ბევრი ისეთი თვისება და გართულება აღმოაჩნდა, რაც არ იყო ექიმებისთვის ცნობილი და გვიხდება გზადაგზა მივიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და ჯერჯერობით დიდი წარატებებით“,- განაცხადა ცერცვაძემ.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 14-ით გაიზარდა და 511 გახდა. მათგან 156 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 6 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.
კარანტინის რეჟიმშია 5107 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 534 პირი.
ცნობისთვის, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.