ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფიცირებული ახალი პაციენტებიდან ორი მათგანის გარდა ყველას წყარო დადგენილია.
ამის შესახებ მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
ეზუგბაიას ინფორმაციით, 15 ახალი შემთხვევიდან ინფიცირების წყარო ე.წ. მარნეულის, ბოლნისისა და თეთრიწყაროს კლასტერებია.
“ამ 15 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან წყარო ძირითადად ცნობილია. ეს არის ბოლნისი, მარნეული და თეთრიწყარო. მხოლოდ 2 პაციენტია, რომელთა წყაროც ამ ეტაპზე, ჯერჯერობით, დაუდგენელია და გრძელდება ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 14-ით გაიზარდა და 511 გახდა. მათგან 156 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 6 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.
კარანტინის რეჟიმშია 5107 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 534 პირი.
ცნობისთვის, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.