კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, ღონისძიებების შემსუბუქებისა და ეკონომიკის გახსნის პირველი ეტაპის მიმდინარეობა განიხილეს.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაშია ნათქვამი, შეზღუდვები მოიხსნა მთელი ქვეყნის მასშტაბით, გარდა იმ მუნიციპალიტეტებისა და ადმინისტრაციული ერთეულებისა, სადაც დაწესებულია მკაცრი საკარანტინო ზომებია გამოცხადებული.
“მთავრობის მიერ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, ღონისძიებების შემსუბუქებისა და ეკონომიკის გახსნის პირველი ეტაპი დღეიდან დაიწყო. აღნიშნული ეტაპი გულისხმობს მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით თავისუფალ გადაადგილებას და ტაქსების ოპერირებას.
დღეიდან დაშვებულია ყველა ტიპის ონლაინვაჭრობა – როგორც საბითუმო, ისე საცალო. ასევე, დღეიდან სრულად დაშვებულია მიტანის მომსახურება ნებისმიერ პროდუქტზე და საქმიანობას განაგრძობენ ღია ტიპის აგრარული ბაზრებიც.
ყველა შემთხვევაში სავალდებულოა ჯანდაცვის სამინისტროსა და შესაბამისი უწყებების მიერ დადგენილი წესების გათვალისწინება, რომელთა დარღვევა მუშაობის უფლების შეჩერებას გამოიწვევს.
ამასთან, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული ყველა სხვა შეზღუდვა ძალაში რჩება. მათ შორის, ძალაშია “კომენდანტის საათის” მოქმედება 21:00 საათიდან 06:00 საათამდე.
გარდა ამისა, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით, აკრძალულია თბილისში, რუსთავში, ბათუმში და ქუთაისში შესვლა და ამ ქალაქებიდან გასვლა. თუმცა, დღეს და ხვალ – 27 და 28 აპრილს, საგამონაკლისო წესით, დასაშვებია ამ ქალაქებში შესვლა და ამ ქალაქებიდან გასვლა, მხოლოდ ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე დაბრუნების მიზნით. ხოლო რეგისტრაციის – იურიდიულ მისამართზე დაბრუნებას მოქალაქეები ნებისმიერ დღეს შეძლებენ.
ამასთან, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ აღნიშნული შეზღუდვები მოიხსნა მთელი ქვეყნის მასშტაბით, გარდა იმ მუნიციპალიტეტებისა და ადმინისტრაციული ერთეულებისა, სადაც დაწესებულია მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები,”- ნათქვამია მთავრობის ადმინისტყრაციის განცხადებაში.
შეგახსენებთ, ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება ეტაპობრივად მოხდება. მთავრობამ შეზღუდვების მოხსნის 6 ეტაპი განსაზღვრა, რომელიც საზოგადოებას 24 აპრილს გააცნო.