პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, მათ ცენტრში რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებული 7 პაციენტიდან მძიმე მდგომარეობაში მხოლოდ ერთი მათგანი რჩება, დანარჩენების მდომარეობა დასტაბილურდა.
ამის შესახებ ლევან რატიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
რატიანის ინფორმაციით, მათ ცენტრში ამ დროისთვის 87 კოვიდინფიცირებული გადის მკურნალობას.
“რაც შეეხება რეანიმაციულ პაციენტებს, იცით, რომ გვყავს 7. აქედან 6 -ის მდგომარეობა მკეთრად გაუმჯობესებულია, მხოლოდ და მხოლოდ ერთის მდგომარეობა რჩება მძიმედ, მაგრამ ვინარჩუნებთ ვიტალურ პარამეტრებს. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა, რომლებიც აგრძელებენ მკურნალობას სხვადასხვა განყოფილებებში, ამ ეტაპამდე სტაბილურია,“- განაცხადა ლევან რატიანმა
ამასთან, რატიანის თქმით, დღეს 30 პაციენტის ტესტი გააგზავნეს ლუგარის ლაბორატორიაში და პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 10-ით გაიზარდა და 496 გახდა. მათგან 149 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 6 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.
ცნობისთვის, 25 აპრილის მონაცემებით, საქართველოში ახალ კორონავირუსზე ტესტირება 11 504 ადამიანს ჩაუტარდა. მონაცემების თანახმად, საქართველოში ყველაზე მეტი ტესტი (897) 24 აპრილს ჩატარდა.