ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ვანო მერაბიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და აცხადებს, რომ მარინა ეზუგბაიას წამოცდენამ ცხადი გახადა, რომ „ქართული ოცნება“ მალავს კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობას.
როგორც მერაბიშვილი აცხადებს, „ოცნება“ წლების განმავლობაში ანალოგიურად აყალბებდა სხვა მაჩვენებლებს, მათ შორის დანაშაულის სტატისტიკასაც.
„არ იქნება ტესტირება, არ გვეყოლება ინფიცირებული” – უფრო სწორად, არ გვექნება ინფორმაცია მათ შესახებ – ეს არის „ოცნების მთავრობის სტრატეგია“. წლების მანძილზე, ანალოგიურად აყალბებდა „ოცნება“ დანაშაულის რეალურ სტატისტიკას, ინფლაციის მაჩვენებლებს, უმუშევართა რაოდენობას და ა.შ.
მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ ერთ სულ მოსახლეზე ჩატარებული ტესტების რაოდენობით, საქართველო მნიშვნელოვნად ჩამორჩება არა მხოლოდ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, არამედ მეზობელ ქვეყნებსაც.
მაშინ, როცა ეკონომიკა გაჩერებულია და ხელისუფლება დაბალი რიცხვებით იწონებს თავს, აღმოჩნდა, რომ ეს მონაცემები ივანიშვილის მთავრობის მორიგ აფიორას ეფუძნება.
კატეგორიულად მოვითხოვთ მთავრობისგან, შეწყდეს სტატისტიკის გაყალბება, ჩატარდეს ფართომასშტაბიანი ტესტირება და მოსახლეობამ მიიღოს რეალური ინფორმაცია არსებული ვითარების შესახებ“, – წერს მერაბიშვილი.
შეგახსენებთ, რომ 25 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 456 შემთხვევაა დადასტურებული. 3 უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე. 139 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების ხუთი შემთხვევა ფიქსირდება. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5206 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 571.
მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2,865,205 მიაღწია. გარდაიცვალა 199,984 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 816,658 პაციენტი.
ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/.
ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.
დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.