ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს ექიმის, ედიშერ ასათიანის განცხადებით, მათ კლინიკაში სოფელ ღვანკითიდან შეყვანილ ორ პაციენტს კორონავირუსი თითქმის დამარცხებული აქვს.
„პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და შეიძლება ითქვას, რომ პაციენტებს კორონავირუსი თითქმის გადატანილი აქვთ“, – განაცხადა ედიშერ ასათიანმა. მისივე განცხადებით, ეს ორი პაციენტი საავადმყოფოში 24 აპრილს მოათავსეს.
ბოლო მონაცემებით, ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 23 პაციენტი მკურნალობს. მათი მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.
შეგახსენებთ, 25 აპრილის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის 456 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 132 მოქალაქე.