“ის, რაც ბოლო დღეებში ხდება საქართველოში, არათუ ხელს არ უწყობს ეპიდემიასთან ბრძოლას, პირიქით, ეკონომიკური და სოციალური კატასტროფისკენ მიჰყავს ქვეყანა” – ამის შესახებ, საფრანგეთში მოღვაწე ქართველმა ექიმმა, პროფესორმა, მედიცინის დოქტორმა, მეან-გინეკოლოგმა, ლაპარასკოპიული ქირურგმა, რევაზ ბოჭორიშვილმა “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში განაცხადა.
აღნიშნული განცხადებით, ბოჭორიშვილი ეხმაურება, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის გადაწყვეტილებას, რითაც მან მხარი დაუჭირა საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას და მაგალითად საფრანგეთი მოიყვანა.
“გავბედავ და ვიტყვი. არა როგორც ექიმი, როგორც მოქალაქე. არ არის მთლად ისე საქმე, როგორც აქ წერია (სიმართლე ხომ მთავარია, არა?). საფრანგეთს რაც შეეხება. საგანგებო მდგომარეობის მოხსნა ნაადრევად არ მომხდარა და არც დაუპირებია არავის და არანაირი ზრდა დაავადებისა არ ყოფილა. საგანგებო მდგომარეობის მოხსნა იგეგმება 11 მაისს და ამისთვის დიდი მზადება მიდის. დეტალებს არ ჩამოვთვლი..დაავადება კი უკან იხევს.
…და კიდევ, საფრანგეთის მაგალითის მოყვანა თუ გვინდა.. პირველივე გამოსვლიდან მაკრონი და სხვა პასუხისმგებელი პირები სულ იმეორებენ, რომ უმძიმესი ეკონომიური კრიზისი ელის ქვეყანას. და “ოპტიმიზმის“ დასანერგად არანაირ ტიკ-ტოკებს არ იღებენ და მერე მთელს პარტიულ ელიტას არ რაზმავენ ამ უკიდურესი უზნეობის გასაპრავებლად. კარანტინის პირველივე დღიდან საფრანგეთის სახელმწიფომ აამოქმედა “ნაწილობრივი უმუშევრობის“ მექანიზმი, რომელიც გულისხმობს ხელფასის 80% ის შენარჩუნებას.. დღეს 8 მილიონი ადამიანი სარგებლობს ამ მექანიზმით…
ამის მიუხედავად ყოველ დღე იდება საგანგაშო მონაცემები ქვეყნის ეკონომიკის მომავლის შესახებ.. და ექიმები არავის დაუმცირებია სამუშაო საათების მითითების უკიდურესად რეგვენული მოთხოვნით. პირიქით, ექიმებს ყველანაირი ხელშეწყობა და დახმარება გამოუცხადა სახელმწიფომ, მათ შორის მატერიალური სტიმულირებით და უფასო საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეთავაზებით..
ტრანსპორტზე გამახსენდა.. ერთი ახალგარზრდა ქართველი კოლეგა წერდა, ეს მანქანაც არ ჰყავს ყველას და ძალიან უჭირთ იმ სავადმყოფომდე მისვლა. თან ბევრი რამოდენიმე ადგილას მუშაობს.. ისე, საფრანგეთში მანქანით გადაადგილება არ შეზუდულა და არც კომენდანტის საათი დაწესებულა, რომლის დროსაც ბიბლიოთეკებს წვავენ..კიდევ რამდენი “არ“….
სხვაზე უკეთესად თუ არა, ნაკლებად მაინც არ მესმის ეპიდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების მნიშვნელობა, სისწორე და გარდაუვალი გვერდითი მოვლენებიც… მაგრამ ის, რაც ბოლო დღეებში ხდება საქართველოში, არათუ ხელს არ უწყობს ეპიდემიასთან ბრძოლას, პირიქით, ეკონომიკური და სოციალური კატასტროფისკენ მიჰყავს ქვეყანა! ფსევდო სამედიცინო არგუმენტებით ეს ვერ გაპრავდება…ბოდიში…” – აცხადებს რევაზ ბოჭორიშვილი.
დღეს, პრემიერმა საზოგადოებას ანტიკრიზისული გეგმის პროექტი წარუდგინა, რომელიც სხვადასხვა სახის დახმარებას მოიცავს.
შეგახსენებთ, რომ 24 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 431 შემთხვევაა დადასტურებული. 3 უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე. 132 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების ხუთი შემთხვევა ფიქსირდება. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5888 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 571.
მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2,762,532 მიაღწია. გარდაიცვალა 193,231 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 763,272 პაციენტი.
ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/.
ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.
დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.