ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“უკიდურესად გაღიზიანებული ვიყავი და მეც მქონდა უდიდესი უსამართლობის გრძნობა..” – გახარია

“ის სურათი, რომელიც სააღდგომო დღესასწაულების შემდეგ თბილისში იყო, მეც არ მომეწონა, მეც უკიდურესად გაღიზიანებული ვიყავი და მეც მქონდა უდიდესი უსამართლობის გრძნობა” – ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც გახარია აცხადებს, პირადად გადაამოწმებინა რამდენიმე მანქანა და ყველას საშვი აღმოაჩნდა. მისი თქმით, ზოგიერთმა პოლიტიკოსმა ეს გამოიყენა ლაივების დასადებად და ადამიანების გასაღიზიანებლად.

“პირადად მე, სამსახურში რომ მოვდიოდი, ყოველ დილით 5-6-7 მანქანის ნომერს ვამოწმებინებდი, ყველას ჰქონდა საშვი – დისტრიბუცია, სამედიცინო მომსახურება, სააფთიაქო ქსელები, ჟურნალისტები… სპეციალურად ამოვიღე, ყველაზე დიდი რაოდენობის საშვები გაქვთ მედიას, ასობით კი არა, ათასობით და ზოგიერთმა უპასუხისმგებლო ვითომ მედიამ და სინამდვილეში პოლიტიკოსმა მერე ეს გამოიყენა ლაივების დასადებად და ადამიანების გასაღიზიანებლად.

ნაწილობრივ გასაგებია ჩემთვის, ობიექტურიც არის. როდესაც არის მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების შეზღუდვა, დილით იღვიძებ და ქალაქში ამდენი მანქანა მოძრაობს, რა თქმა უნდა, მიგაჩნია, რომ არასამართლიანია, მესმის, მეც ასე მიმაჩნია. მაგრამ, სამწუხაროდ, საგანგებო მდგომარეობაში ვიმყოფებით და კონტროლის ინსტრუმენტები ისეთი ეფექტური არ არის, როგორიც თითოეულ ჩვენგანს ჰგონია.

მეორე მხრივ, არის უამრავი დაწესებულება და სერვისი, რომლის გაჩერება არ შეიძლება, სასურსათო მაღაზიების გამყიდველებიდან დაწყებული, სააფთიაქო ქსელების მენეჯმენტით დამთავრებული. გუშინ დაემატა ასობით საინკასაციო მანქანა, რომ პენსიები დაგროვდეს.

აღდგომის ღამეს, რა თქმა უნდა, ჩემთვის წარმოუდგენელია და შეუძლებელი იყო, საეკლესიო მსახურებისთვის არ მიგვეცა საშუალება, ეკლესიებამდე მისულიყვნენ. ეს არის ის კომპრომისები და ბალანსი, რომლის საშუალებითაც, ჩვენ ამ ქვეყნის გზას ვეძებთ, გავუმკლავდეთ ამ ეიპიდემიას, პანდემიას, ეს ჩვენი გზაა, სხვა ქვეყნებს თავისი გზა აქვთ. ჩვენ შემთხვევაში, სააღდგომო მსახურება ეკლესიაში მამაოების თანხლებით მაინც უნდა ჩატარებულიყო.” – განაცხადა გახარიამ.

დღეს, პრემიერმა საზოგადოებას ანტიკრიზისული გეგმის პროექტი წარუდგინა, რომელიც სხვადასხვა სახის დახმარებას მოიცავს

შეგახსენებთ, რომ 24 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 431 შემთხვევაა დადასტურებული. 3 უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე. 132 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების ხუთი შემთხვევა ფიქსირდება. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5888 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 571.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2,762,532 მიაღწია. გარდაიცვალა 193,231 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 763,272 პაციენტი.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/. 

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....