კორონავირუსის ინფიიცრების ახალი ერთი შემთხვევა აჭარის რეგიონში დაფიქსირდა და ის ე.წ. ქობულეთის კლასტერს უკავშირდება.
ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ნიჟარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ნინო ნიჟარაძის ცნობით, ინფიცირებულია 70 წლის ქალი, რომელიც ქობულეთში ცხოვრობს და ის მკურნალობას კლინიკა “მედალფაში” გადის.
“გუშინ დღის განმავლობაში ორივე ლაბორატორიაში 180 ნიმუში შევიდა, საიდანაც ერთი ახალი დადასტირებული შემთხვევა გამოვლინდა, რომელიც ქობულეთის კლასტერთან არის დაკავშირებული. ის თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. კორონავირუსით ინფიცირებულს ოჯახის გარდა, სხვა პირებთან კომუნიკაცია არ უფიქსირდება და შემხებლობაში მოსახლეობის სხვა ჯგუფებთან არ იყო. ამ წუთებში ინფიცირებული პირი კლინიკა “მედალფაში” გადაჰყავათ,”- განაცხადა ნიჟარაძემ.
ამასთან, მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ამ დროისთვის, ე.წ. ქობულეთის კლასტერთან კავშირში მყოფი 35 ინფიცირებული ადამიანია.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. შედეგად, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 431-მდე გაიზარდა.114 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 5გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.