ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა კორონავირუსისი წინააღმდეგ საქართველოს ბრძოლის მეთოდებზე “ბიბისის“ რადიოს გადაცემაში ისაუბრა.
რადიოს გადაცემა NEWSDAY-ს წამყვანმა ლორენს პოლადმა ვიცე-პრემიერს ვირუსთან ბრძოლაში საქართველოს მთავრობის მიერ გატარებულ ღონისძიებებზე კითხვები დაუსვა.
ამასთან, წამყვანმა აღნიშნა, რომ ბევრი ქვეყანა ამ ბრძოლაში საქართველოს სანიმუშო ქვეყნად მიიჩნევს და მის გამოცდილებას სწავლობს.
მაია ცქიტიშვილმა კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ საქართველოს წარმატების მიზეზი მკაცრი ზომების დროულად მიღება და საზოგადოების მიერ პასუხისმგებლიანი მოქმედებები გახდა.
ჩვენი წარმატების მიზეზი ადრეული და გადამწყვეტი ქმედებებია. ჩვენ ზედმიწევნით ვითვალისწინებდით ჩვენი ჯანდაცვის სპეციალისტებისა და ეპიდემიოლოგების რჩევებსა და რეკომენდაციებს. ძალიან ადრეულ ეტაპზე დავიწყეთ მოქმედება – 22 იანვრიდან ქვეყანაში ყველა ჩამომსვლელის თერმოსკრინინგი ხორციელდებოდა და საკმაოდ მკაცრი წესები განვსაზღვრეთ სკრინინგისთვის და ცხელ წერტილებად მიჩნეული ქვეყნებიდან ჩამოფრენილი მგზავრების შემოწმებისთვის.
თავიდანვე ძალიან კარგი კომუნიკაცია გვქონდა. გვესმოდა, რომ კორონავირუსთან ბრძოლაში გამარჯვება მხოლოდ მოსახლეობის მხარდაჭერით შეიძლება. არცერთ მთავრობას ძალუძს ამ გამოწვევის მარტო დაძლევა და ქვეყნის მოქალაქეებთან თავიდანვე მკაფიო კომუნიკაციას ვაწარმოებდით. მინდა ეს შესაძლებლობა გამოვიყენო და ვთქვა, რომ ჩვენი მოსახლეობა პასუხისმგებლობით მოეკიდა საკითხს,“ – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ მტავრობას ორ ფრონტზე უწევს ბრძოლა – ერთის მხრივ კორონავირუსს ებრძვიან და მეორეს მხრივ ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობას ვდილობენ.
ინტერვიუში საუბრისას მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრს, დღეის მდგომარეობით, დაახლოებით 7000 ადამიანი ჰყავს შემოწმებული.
“ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, შეერთებული შტატების, დახმარებით თბილისში ლუგარის ლაბორატორია ფუნქციონირებს. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ჩვენი პარტნიორების დახმარება აქვთ მიღებული. ლაბორატორიული ტესტირება ერთ-ერთი, თუმცა მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. 7000 ადამიანამდე გყვავს შემოწმებული დღეის მდგომარეობით. ტესტირება ხდებოდა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ შემუშავებული პროტოკოლების საფუძველზე“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
გადაცემის წამყვანმა ვიცე-პრემიერს შეკითხვა ქვეყანაში შეზღუდვების მოხსნაზეც დაუსვა, რაზეც მაია ცქიტიშვილმა უპასუხა, რომ ამ ეტაპზე რეკომენდაციების დაცვა მნიშვნელოვანია, რათა ვირუსი არ გავრცელოდეს, ხოლო მოსახლეობამ კორონავირუსთან ერთად ცხოვრება უნდა ისწავლოს.
“უპირველეს ყოვლისა, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ შეზღუდვების შერბილებისას, რადგან ძალიან დიდი ცდუნება ჩნდება ინფიცირების მაჩვენებლების კლების ფონზე. ფრთხილად უნდა ვიყოთ და ზედმიწევნით დავიცვათ სოციალური დისტანცირების წესები. მიმაჩნია, რომ ყველამ უნდა გააცნობიეროს ვირუსთან ადაპტაციის აუცილებლობა, სანამ ვაქცინა ან წამალი იარსებებს. უნდა ვისწავლოთ ახალ კორონავირუსთან თანაარსებობა. უკვე დავიწყეთ ეკონომიკური საქმიანობის განახლების გეგმაზე მუშაობა. ის გულისხმობს ზოგიერთი, დაბალი რისკის მქონე ეკონომიკური სუბიექტების ეტაპობრივ გახსნას. ტესტირებაც ძალიან მნიშვნელოვან და ქმედით ინსტრუმენტად დარჩება ვირუსის გავრცელების კონტროლის საქმეში, თუმცა სოციალური დისტანცირების ზომები ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.
აღნიშნულ ინტერვიუს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.