დღეს გამოვლენილი ინფიცირებული პაციენტებიდან ორი მათგანი მკურნალობას ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში გადის.
ამის შესახებ კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ორი ახალი ინფიცირებული პაციენტი კორონავირუსის სიმპტომებით მარნეულის ცხელების ცენტრიდან გადმოიყვანეს და ორივე მათგანი ე.წ მარნეულის კლასტერს განეკუთვნება.
როგორც სოლოღაშვილი აღნიშნავს, მათთან მოთავსებული22 პაციენტიდან სამის მდგომარეობა საყურადღებოა.
“ბოჭორიშვილის კლინიკაში ახალი კორონავირუსის დიაგნოზით სულ 22 პაციენტი მკურნალობს, მათგან საყურადღებო სამია. კლინიკაში ასევე მოთავსებულია 18 წლამდე ასაკის ექვსი მოზარდი, რომლებთანაც ვირუსი მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობს და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“,- განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. შედეგად, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 431-მდე გაიზარდა.
114 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 5გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.
ამასთან, კარანტინის რეჟიმშია 5126 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 578 პირი.