ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა, ხელისუფლების კრიზისულ ეკონომიკურ პაკეტთან დაკავშირებით, ჟურნალისტებთან განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ყველას სჭირდება შემოსავალი საარსებოთ, მაგრამ დღეს მთავარი ვირუსთან ბრძოლაა და ახლობლების სიცოცხლის შენარჩუნება.
როგორც ცქიტიშვილი აცხადებს, ხელისუფლების კრიზისული ეკონომიკური პაკეტი ორიენტირებულია პირველადი და აუცილებელი საჭიროების დაკმაყოფილებაზე, რაც მოქალაქეებს გარკვეული პერიოდის განმავლობაში მათი პრობლემები გადალახვაში დაეხმარება.
„რა თქმა უნდა მე მესმის ის წუხილიც, რომ თითოეული ადამიანის დახმარება შევძლოთ. მოდით გავიაზროთ, რომ ჩვენ არ ვართ მდიდარი ქვეყანა, ჩვენ ვართ ქვეყანა რომელსაც ბევრი პრობლემა ჰქონდა კოვიდ 19-ის გარეშეც და მათ შორის ბევრი ჩვენი თანამოქალაქე საკმაოდ მომჭირნედ ცხოვრობდა, ბევრი სოციალურად დაუცველი ადამიანი გვყავს, ბევრ ადამიანს თუნდაც თვითდასაქმებით უწევდა ოჯახის შენახვა, ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ვუპასუხოთ ყველა ამ ჯგუფის პირველად საჭიროებას და შემთხვევითი არ არის, რომ ჩვენ ამ პაკეტსაც კრიზისულ პაკეტს ვეძახით.
ჩვენ ყველანი უნდა ვიყოთ რეალისტები, დავრჩეთ იმ რეალური შესაძლებლობების ფარგლებში, რის შესაძლებლობსაც ჩვენი ეკონომიკა, ბიუჯეტი და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ძალიან მძლავრი მხარდაჭერა გვაძლევს. დაწყებული გვაქვს მუშაობა იმაზე, რომ შემდგომში უკვე პოსტკრიზისული პაკეტი შევთავაზოთ ბიზნესს, რათა მათ კიდევ გააფართოვონ საქმიანობა და შესაბამისად გაზარდონ ეკონომიკური აქტივობა“,- აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 23 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 420 შემთხვევაა დადასტურებული. 3 უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე. 111 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების ხუთი შემთხვევა ფიქსირდება. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5223 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 584.
მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2,672,149 მიაღწია. გარდაიცვალა 186,916 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 731,754 პაციენტი.
ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/.
ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.
დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.