გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ოპოზიცია, კომპანია „ჯიბესთან“ დაკავშირებით, რომელიც მარნეულის მოსახლეობისგან პროდუქტის შესყიდვა-რეალიზაციას ახდენს, არაერთ ცრუ ინფორმაციას ავრცელებს,
ამასთან, მინისტრის მოსაზრებით, მარნეულში მომხდარი მოვლენები ოპოზიციამ პოლიტიკური ქულების დასაწერად გამოიყენა, რასაც ამორალურს უწოდებს.
ამის შესახებ მინისტრმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნულით მარნეულის მოსახლეობის მხრიდან გამართულ საპროტესტო აქციას გამოეხმაურა.
“ძალიან სამწუხაროა, რომ იგივე მოვლენები, რომელიც ქვემო ქართლში განვითარდა, ოპონენტებმა პოლიტიკური ქულების დასაწერად გამოიყენეს, თუმცა, ვფიქრობ, არ გამოვა, იმიტომ, რომ მათი მცდელობა არამორალურია. იმ დროს, როცა ჩვენ ვხედავთ რა რთულ მდგომარეობაში არიან ჩვენი ფერმერები და ეს ყველაზე მეტად გულსატკენია ჩვენთვის. ჩვენ გულწრფელები ვართ ფერმერებთან და ვეუბნებით, რომ დღეს, ხვალ ილუზიებში არ უნდა ვიყოთ და იდეალური სიტუაცია არ გვექნება. გვესმის, რომ ეკონომიკური სიტუაცია ქვეყანაში მძიმდება და ამას საპასუხო ნაბიჯები ექნება ხელისუფლების მხრიდან. ამ დროს ცეცხლზე ნავთის მისხმა არის არამორალური ფერმერებთან მიმართებაში,”- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ასევე, მინისტრის თქმით, კომპანია „ჯიბე“ არის ერთ-ერთი მყიდველი იმ მრავალთაგანი, რომელიც დღეს ქვემო ქართლიდან პროდუქციის რეალიზებაში ეხმარება ფერმერებს.
მისივე ცნობით, ფერმერებისგან პროდუქტს ყიდულობს ასევე „მაგნიტი“ და „ორი ნაბიჯიც“, თუმცა, როგორც მინისტრი აღნიშნავს, როგორც კი მთავრობისგან დიდი კომპანიები დასახელდება, მაშინვე ჩნდება კითხვები ამ კომპანიებთან დაკავშირებით, რაც მისთვის მიუღებელია.
ცნობისთვის, 22 აპრილს მარნეულის მუნიციპალიტეტს რამდენიმე სოფლის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. ადგილობრივებმა საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას გააპროტესტეს და განაცხადეს, რომ დაწესებული შეზღუდვების გამო, პროდუქტების რეალიზებას ვერ ახდენენ და ამით შემოსავლის წყარო დაკარგეს.