პირველ საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის, ლევან რატიანის განცხადებით, მათ კლინიკაში მყოფი ინფიცირებული პაციენტებიდან რეანიმაციულ განყოფილებაში ცხრა მათგანია მოთავსებული, რომელთაგან შვიდი იმყოფება ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე.
ამის შესახებ რატიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა და აღნიშნა, რომ ინფიცირებული სამი პაციენტის მდგომარება ამ დროისთვის კრიტიკულია, ხოლო 53 პაციენტს პნევმონია აღენიშნება.
“სამი პაციენტი ფასდება როგორც კრიტიკული. დამძიმება გამოწვეულია თანმხლები პათოლოგიებით. 53 კოვიდინფიცირებულს აქვს მწვავე პნევმონია. მოზარდების მდგომარეობა სტაბილურია და მკურნალობის ვადის შემდეგ ისინი დატოვებენ კლინიკას. ჯამში კლინიკაში 120 პაციენტი იმყოფება. დღის განმავლობაში კლინიკაში ლუგარის ლაბორატორიიდან ელოდებიან რამდენიმე პაციენტის განმეორებითი ტესტის პასუხს და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში კოვიდინფიცირებისგან გამოჯანმრთელებული პაციენტები დატოვებენ კლინიკას“, – განაცხადა ლევან რატიანმა.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევები 399-მდე გაიზარდა. მათგან 93 გამოჯანმრთელდა, ხოლო 4 გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.
ამასთან, კარანტინის რეჟიმშია 4782 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 503 პირი.