ახალი ამბები მთავარი სამართალი

ჩხოროწყუში ცივი იარაღით ორი ადამიანი დაჭრის ფაქტზე მამაკაცი დააკავეს

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ჩხოროწყუში ორი ადამიანის დაჭრის ფაქტზე პოლიციამ მამაკაცი დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ჩხოროწყუს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული ვ.ა., ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, ჩხოროწყუში დააკავეს.

“მეტრონომს” მომხდარი ფაქტი შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ჩხოროწყუში, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დანით ორი ადამიანი დაჭრა. დაჭრილების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული 9-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იტვირთბა....